საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს
2020-09-25 ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე, რომლის უფლებამოსილებაში შევა შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება. მისი შეფასებით, ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ეროვნული მასშტაბის კიბერინციდენტების იდენტიფიცირება და მართვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ფასდაუდებელ მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა. „გარწმუნებთ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სრული სერიოზულობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერმა. კიბერუსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა რიინა კალიურანდიმ. ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი თბილისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, ყოველწლიური გახდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|