საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის მონაწილე ქართველ დიპლომატებს მიმართა
2021-12-22 პანდემიის პერიოდში თქვენ გიწევდათ მუშაობა ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიებასა და მიწოდებაზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას უკავშირდებოდა და თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის; ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას; თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ქართველ ელჩებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და იმ წვლილისათვის, რაც მათ საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს წარმატებებში მიუძღვით. მთავრობის მეთაურმა ევროინტეგრაციის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობისა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ოკუპაციის პრობლემას და ხაზი გაუსვა, რომ მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. „ჩემი დავალებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და მალე ყველა იხილავს, რომ ძალიან ქმედით და ეფექტურ, შედეგიან ნაბიჯებს გადავდგამთ. მათ შორის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი. ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ის მიღებული და ონლაინ-კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე. თქვენ ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1,5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ-კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მედიკამენტების ფასების შემცირება, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე სწრაფი ეფექტი გვექნება უახლოეს 1-2 თვეში. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა. ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ათწლიანი გეგმები და ეს არ არის მხოლოდ ტრაფარეტული ნათქვამი, ეს არის დეტალური, კონკრეტულად გაწერილი გეგმები, რომელიც არის თითოეული უწყების მხრიდან. ყველა უწყებამ იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ჩვენ 6 თვის განმავლობაში შევიმუშავეთ თითოეული უწყების მიმართულებით სექტორული განვითარების გრძელვადიანი გეგმები ჩაშლილი ყოველწლიური კონკრეტული ხედვებით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, 2030-ში, მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად გვექნება ვაჩვენებთ პროგრესს, მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავარი გამოწვევა, მთავარი სირთულე, რისი დაძლევაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს, ეს არის ჩვენი ამბიციაც, ეს არის ჩვენი მოტივაცია, ეს უნდა შევძლოთ - უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი და გარანტირებულია", - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია "Rothschild"-თან თანამშრომლობას, რომლის მიზანია, საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი. „ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, იცით, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "Rothschild"-ი დავიქირავე. მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxembourg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
|