უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო
2022-02-22
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%; • 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი; • ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე; • რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან" და სტუდენტური აპლიკაციები. • კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად); • დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად); • უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა; • სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება. • 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება; • უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება; • უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება. • უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა; • 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით. • 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე; • საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|