საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით
2022-04-03 მმოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიწყო ქობულეთში ახალი ბულვარის მშენებლობა, რომელიც პირველ ეტაპზე არის დაახლოებით 1-კილომეტრიანი და შემდეგ ის ჩავა ბობოყვათამდე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 7 600 000 ლარია. პროექტის განხორციელება 2021 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროგრამით „განახლებული რეგიონები" დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები ქალაქ ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტებისათვის აჭარის რეგიონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,000,000 ლარია გამოყოფილი. პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|