საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან დღემდე ბათუმის საზღვაო აკადემიის განვითარებაში სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
2022-04-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის ახალი სამწვრთნელო ცენტრი დაათვალიერა. პრემიერს აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უმასპინძლა. დღეისათვის, შავი ზღვის რეგიონში არც ერთ მეზღვაურთა ტრენინგ-ცენტრს არ გააჩნია უახლესი, 6.0 მოდელის პროგრამები, რომლებიც დახვეწილი ვიზუალიზაციით, დეტალურობით და ეფექტებით გამოირჩევა, რაც წვრთნების რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. სიმულატორებზე შესაძლებელია ყველა ტიპის და სირთულის პრაქტიკული დავალებების შესრულება. საწვრთნელ ცენტრს დაემატა საგამოცდო ოთახი და აუდიტორია, კეთილმოეწყო მოსაცდელი სივრცე და ფრონტ-ოფისი; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობას, განახლდა ავეჯი, ინვენტარი, შეძენილ იქნა პრაქტიკული სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობისათვის საჭირო ხელსაწყოები და აღჭურვილობა. სრული პროგრამული განახლების შედეგად, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი ე. წ. Smart Support სისტემაზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოქმედ მეზღვაურთა სიმულატორული წვრთნების და შეფასების ხარისხს. მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრისა და სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის სრულიად გასაახლებლად და თანამედროვე გემებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიმდინარე წელს მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და მოქმედი მეზღვაურებისთვის, თანამედროვე და მრავალფუნქციური საწვრთნელი აუზიც გაიხსნა. საწვრთნელი აუზის ბაზაზე, აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს რეალურთან მიახლოებულ, სხვადასხვა ამინდის სიმულირების პირობებში შეუძლიათ გაიარონ პირველადი და კოლექტიური უსაფრთხოების, ზღვაზე გადარჩენის და სამაშველო ოპერაციების ჩატარების წვრთნები. აუზი იძლევა წყალქვეშა ცურვის წვრთნების გავლის შესაძლებლობასაც. საზღვაო აკადემიაში პრემიერს საჩუქრად აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული გემის მაკეტი გადასცეს. ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|