საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა
2022-04-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან. განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის აქტიური დინამიკა HCNM-ის ოფისთან. პრემიერის თქმით, საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისივე განცხადებით, HCNM-ის ოფისის აქტიური ჩართულობით შექმნილი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, მიზნად სწორედ ყველა მოქალაქისთვის, ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლობის მიუხედავად, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს.
ყურადღება დაეთმო ეუთო-ს ღირებულ ჩართულობას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო-ს მხრიდან უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, პირადი მრჩეველი - ჯაზირა კულ-მუჰამედი და პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|