საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა
2022-04-30' საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომლის რეაბილიტაციაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის მეთაურს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - 240 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში ფუნქციონირებს შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი, ასევე ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისტორიულ სოფელ წყალტუბოს შესაბამისი სასწავლო რესურსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია. პრემიერი ადგილზე მასწავლებლებს გაესაუბრა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, წყალტუბოს სკოლა კარგი მაგალითია პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივისა, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვას ეხება.
მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე და სკოლის დირექტორი ზურაბ მამარდაშვილი იმყოფებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|