საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა
2022-05-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|