საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა
2022-05-30
საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ", - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|