საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა

2022-06-23

დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველას და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება. მათ სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი. ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება და ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა ჩვენი სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. აქ ძალიან ბევრი მოვისმინეთ გამომსვლელებისგან, მეც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, ფაქტებით, მხოლოდ მეგობრებო. ჩვენი თითოეული გამოსვლა, თითოეული სიტყვა ემყარებოდა ფაქტებს მხოლოდ. ჩვენ ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს.

მე ჩემს გამოსვლაში ძვირფასო დეპუტატებო დეტალურად ავხსენი ყველა ის საჯაროდ ნახსენები მიზეზი თუ დაფარული მიზეზიც, ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რის გამოც საქართველოსთან მიმართებაში, მსუბუქად რომ ვთქვა, უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული რაც შეეხებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. და მე ჩემი გამოსვლა დავიწყე სწორედ იმ მიღწევებით იმ კონკრეტული, რეალური მიღწევებით რომლებიც ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით, მუშაობით, ერთგულებით ჩვენი ქვეყნისადმი, ხალხისადმი, ევროპული ინტეგრაციისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი დავამტკიცეთ.

ყველა ის რეიტინგი, ყველა ის მიღწევა, რა თქმა უნდა, ამ 10-წლიანი შრომის დამადასტურებელია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ყველაზე პოზიტიური, რაც მოხდა, - პირველად ევროპამ აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს რა თქმა უნდა, არის მოსალოცი გადაწყვეტილება. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ შეუქცევადი, ვიმეორებ, ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო რეჟიმით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადით მიღებული, ევროპული პერსპექტივითა და დათქმებით მოცემული კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. ზიანი სახეზეა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად ავუხსენით ხალხს, რომ, სამწუხაროდ, შიდა და გარე მტრებმა, არ მოვერიდები ამის თქმას, მეხუთე კოლონამ, მეხუთე კოლონამ, დიახაც, და ჩემმა მეგობარმა, ირაკლიმ თქვა, რომ შულავერის კომიტეტმა, დიახაც მეგობრებო. როდესაც ქვეყანა ომშია და ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქ რომელიღაც დესტრუქციული ძალა და, მით უმეტეს, ყველაზე ანტიევროპული, ყველაზე ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული ძალა, ვინც ამ 20 პროცენტის ოკუპაცია თავისი უგუნური პოლიტიკით მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დღეს გამოდიან, ბედავენ არეულობის შემოტანაზე, დესტრუქციაზე დესტაბილიზაციაზე. ამ მიზნით იყო, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ხალხს, შემოიპარა სამარცხვინოდ ყოფილი პრეზიდენტი, პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი, რომ მოეხდინა ერთადერთი რამ - რევოლუცია. და რევოლუციას როცა ახდენ, არეულობას როცა ახდენ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტში დგას რუსული ჯარი, ამ შენობიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში, ეს არის თუ არა პირდაპირი პროვოცირება ომის დაწყების. რა თქმა უნდა არის.

მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველო რამენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში და გამოვიდა ბრძენი რომანი და ესე იგი მისი პროგნოზები არ გამართლდა. ხედავთ, რომ ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ, საუბედუროდ. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები და 20% უკრაინის უკვე არის ოკუპირებული, დაპყრობილი აქვს რუსეთს. როცა მთელი მსოფლიო ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს, ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ამ ომში, ეს რა თქმა უნდა არის მტრობა და არის ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის. ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენ დავიცავთ ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია და ნურავის ექნება რაიმე ილუზია, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებიან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება. ჩვენ ახლა გვჭირდება მობილიზება, მთავრობასა და პარლამენტს ერთად, რომ, როგორც კი დასრულდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგავი არა გვაქვს არც ერთი დღე, უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ილუზია არა გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ, ვინაიდან ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და პოლარიზება მუდმივად. აქვე მინდა აღვნიშნო გულისტკივილით, რომ სწორედ რომ გაეთვალისწინებინათ ევროპელებს, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემა დათქმებით, არათუ დაასრულებდა პოლარიზებას, არამედ, პირიქით, უფრო გააღრმავებდა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუმცა, ჩვენ შევეცდებით ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები, ჩვენი ერი არის ბრძენი ხალხი, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მშვიდობა გვჭირდება, სტაბილურობა, განვითარება გვჭირდება და ჩვენი საერთო მიზნის, საერთო ოცნების ახდენა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და არა დავხლიჩოთ და მათ მსგავსად ტერიტორიები გადავცეთ ოკუპანტებს.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ დეპუტატს. მინდა, ჩვენს მედიას მადლობა გადავუხადო, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს მინდა გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული, საქართველოს მომავალი და ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული, ევროპული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის. თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას, მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას და ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, დიდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!