საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
განცხადებები პლენარულ სესიაზე - ,,სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში''
2022-12-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისათვის ენერგიის მისაწოდებლად გვაქვს საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ზემოხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც დადასტურდა ზემოხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 26 აპრილს გამოაცხადა კონკურსი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამოცხადდა გამარჯვებული. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგოტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. საქართველო, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონულ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს. დიდი მადლობა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი:
ძვირფასო კლაუს, ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით, რომ ასე გულთბილად მიგვიღეთ ბუქარესტში. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტოკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოოდ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება, რა თქმა უნდა, უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში. როგორც ხედავთ, ჩემს სიტყვებში ეს პროექტი ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ეს მიზნები, ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველით ამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ფინანსურად იმ პროექტებს, რომლებიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მასპინძლებს, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და მადლობა, რომ ეს შესაძლებელი გახადეთ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ იოჰანესს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის აი, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების შეთანხმებისა და მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში, და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 8,2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია იყო, წელს - 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11,6 მილიარდი. ჯამური ექსპორტი ბუნებრივი აირისა, მომავალ წელს თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი. გუშინ, „სოკარმა" და „რომგაზმა" ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანსა და რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის 1 იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია. ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ, და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გიგავატია. ეს არის მზის და ჰიდრო-, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ სამგიგავატიანი ქარისა და ერთგიგავატიანი მზის ენერგიის გამომუშავებას 2027 წლისთვის და ექსპორტზე გატანას. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ თითქმის 6 გიგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს 10-გიგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება. 2 დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო-შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან. ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გიგავატი ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ, მინიმუმ 3 გიგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: "მოგესალმებით ყველას და რუმინეთს მადლობას ვუხდი მოწვევისთვის. მე რუმინეთში თვრამეტი წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე. ძალიან თვალშისაცემია წინსვლა და ვულოცავ ქვეყანას ამ პროგრესს. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობის განაცხადი შენგენის ზონაში. ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში და ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს, - რუმინეთი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ამ ზონის წევრი. გარწმუნებთ, რომ რუმინელი მეგობრები ნამდვილად უნდა იყვნენ ჩვენს იმედზე და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ისეთი დამაბნეველია ეს სიტუაცია, რომ ასეთი არც გვახსოვს ჩვენ სამეზობლოში. მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისია, რაც არის როგორც მიწოდების, ისე ფასების კრიზისი. ამავე დროს, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავე დროს, ჩვენ უპრეცედენტო ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად, იმასთან შედარებით, რაც ოდესმე გვქონია. ახალი სტრატეგია არ გვქონდა, ახლა კი, უკვე გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ, ლიდერებმა, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს ერებს, ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს იმდენად, რამდენადაც შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია მხოლოდ იქამდე არის ოცნება, სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში, კასპიის ზღვიდან გვაქვს ენერგორესურსის მოწოდების შესაძლებლობა. ევროკომისიის ძალისხმევითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მე მიხარია, რომ აზერბაიჯანი, პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყვნენ ევროკავშირთან თანამშრომლობის იდეის მიმართ. ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენ-როლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას.
მინდა ჩემი ხმა შევუერთო ამ ძალისხმევას, საერთაშორისო მომენტს და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მთავრობათაშორის შეთანხმებაზე, რომელსაც ძალიან მალე მოვაწერთ ხელს. ეს შეთანხმება იქნება იმ გადაუდებელი საჭიროების პასუხი, რომელიც გულისხმობს მწვანე ენერგიის მიღებას, ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ქალბატონო ურსულა, თქვენი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ ამ შეთანხმებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის დაკავშირებადობის კონტექსტში. კრიზისის დროს ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ჩვენი პოტენციალი და რესურსები გავაერთიანოთ. რუმინეთი ერთგულია კაპიტალდაბანდების იდეის როგორც ენერგოინფრასტრუქტურის კუთხით, ისე ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, ენერგოუსაფრთხოების, როგორც რუმინეთის, ისე მთელი რეგიონის კონტექსტში. ამის შედეგად რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ, ასევე მოლდოვასა და უკრაინასაც. შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც. როგორც ეს, ისე სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში და ასევე კოვიდის პანდემიითა და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე. ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებული ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოებისა და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ერთი მხრივ, და ევროპას შორის, მეორე მხრივ. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩენთ ჩვენს მნიშვნელობას, და ჩვენ ასევე 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ მწვანე პაქტის - მწვანე შეთანხმების კონტექსტში. რუმინეთი აპირებს, რომ სამთავრობოთაშორისო შეთანხმება გადაიტანოს მოქმედებაში, და აქვე ვუხდი მადლობას პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის, თანამშრომლობისა და ამ ოთხმხრივი შეთანხმების -სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. დაბოლოს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს. 2023 წლის დასაწყისში ეს იქნება კიდევ ერთი ძალისხმევა ელექტროენერგიისა და, ზოგადად, ენერგოუსაფრთხოების კუთხით.
|