საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2022 წლის 30 სექტემბრის მთავრობის სხდომა
2022-09-30 მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ, დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი. „მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე, მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ, დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ვარდნა, ჩვენი შემოსავლების შემცირება, გაღარიბება, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. ამავდროულად გახსოვთ, რომ მაშინდელმა მთავრობამ აიღო საკმაოდ დიდი ვალი, მთავრობის ვალი გაიზარდა და შეადგინა მშპ-ის 60%-ზე მეტი, ანუ 60%-ს გადააჭარბა მშპ-თან მიმართებით მთავრობის ვალმა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, მაშინ იყო 9.3 %. ეკონომიკური რეცესია გახსოვთ, რომ გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით შემცირდა. თუმცა, ვიცით, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტიანმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან. შეგახსენებთ, 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შეადგინა 10.4%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის დონის 2.9 %-ით გაზრდაც შევძელით. შარშან, გახსოვთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციაც მოვახერხეთ, კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 50%-იან ნიშნულს, 10%-იანი კლება, შემცირება იყო მთავრობის ვალის," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა. პრემიერის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტიც კონსერვატიულადაა დაგეგმილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში, მშპ-ის პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით. „რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2.8 %-ს, 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. 9.3% და 2.8% შევძელით 2 წელიწადში. გვაქვს 2 წელი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გავზარდეთ 30 მილიარდი ლარით. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. კერძოდ, მინდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოვკვეთო. პირველი, დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 პროცენტით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური, და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის,"- განაცხადა პრემიერმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით, და გადავცემთ 1000 -ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ეს არ არის ერთჯერადი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, რემონტი, გდდ-ს ბაზების, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე, სხვაგან - 365 ლარი. „რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან - 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე, გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე - იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმის მიუხედავად, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ, და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 250 მლნ ლარია გამოყოფილი 2023 წელს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. „რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა. 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში, და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან.
„რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და ა.შ., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს, დაახლოებით, 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი, 2 მილიარდ ლარზე მეტი. წყალმომარაგება, წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში უნდა შესრულდეს ძალიან მალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის „სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მლნ ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტებიც, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი" და უამრავი სხვა, მათ შორის საწარმოების დაფინანსების პროგრამები და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში" გამოვუყოფთ 260 მლნ ლარს. ჯამურად, თითქმის 900 მლნ ლარი მიემართება ამ მიმართულებით, დაახლოებით 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, დაგეგმილია არა ერთი პროექტი კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით. „ასევე გვაქვს გათვალისწინებული კულტურისა და სპორტის მიმართულებით - ვემზადებით, სტადიონებს ვაშენებთ, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს, ასევე ვამუშავებთ სხვა პროექტებს, რომლებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ, პარლამენტშიც მათ შორის,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული კრიზისის და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ამას კარგი გააზრება სჭირდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|