საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი პორტის მშენებლობა იწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება ახალი პორტის მშენებლობა.

მოზიდულია საინვესტიციო კაპიტალი ახალი, თანამედროვე, მაღალგამტარუნარიანი პორტის მშენებლობისათვის. 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდება 200 მლნ. დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტირება, კერძოდ, ახალი მოლოს მშენებლობაში. და იგი დაიცავს არა მარტო ახალ პორტს, არამედ არსებულ პორტსაც.

ამასთან, ახალი პორტის მშენებლობის დასრულებამდე ძველ პორტშიც გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება.

ახალი პორტის მშენებლობის პარალელურად ამოქმედდება თავისუფალი ინდუსტრი-ული ზონა, რომელიც სრულ სიმძლავრეს მიაღწევს პორტის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაასაქმებს 16-22 ათას კაცს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე გააკეთა განმარტებები: ,,ჩვენ დღეს მოვიწონეთ ფოთში, ძველი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახული ახალი პორტის მშენებლობის პროექტი. პორტის აშენების პროექტი ტანდემშია ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჩევდით საჭირო, კონკურენტულ პარტნიორს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამართავად. ჩამოვყალიბდით ერთ-ერთ პარტნიორზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ეს არის რას-ელ-ხაიმა, რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მსგავსი ზონების ოპერირებისა, ისევე, როგორც პორტების მართვის თავის საამიროებში. დღეს მთავრობამ მოიწონა ამ პარტნიორის კანდიდატურა და ის სტრუქტურა, რომელზეც მასთან ერთად შევჯერდით, რაც გულისხმობს 100 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის, პირველ რიგში საკონტეინერო მიმართულების ტერმინალის მშენებლობას და არამხოლოდ მას. არსებული პორტი სრული დატვირთვით მუშაობს და გამტარუნარიანობის პიკზეა. ის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ჩვენი და მთლიანად ამიერკავკასიის ეკონომიკისათვის. ძველი პორტი გააგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას. უბრალოდ გაიზრდება ფოთის კარიბჭის გამტარუნარიანობა. ეს ყველაფერი მოხდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედებასთან ერთად, უახლოეს თვეებში. ძალიან მალე ჩვენ გვექნება მათთან შეჯერებული საბოლოო დოკუმენტაცია." - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი