საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძე კატონის ინსტიტუტის საერთაშორისო შესარჩევი კომიტეტის წევრი გახდა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე ,,კატონის ინსტიტუტის" საერთაშორისო შესარჩევი კომიტეტის წევრი გახდა. ეს კომიტეტი ,,თავისუფლების" პრიზის მფლობელს მაისში გამოავლენს.

,,თავისუფლების" პრიზი ნობელის პრემიის ლაურეატმა მილტონ ფრიდმანმა და მისმა მეუღლემ როუზ დ. ფრიდმანმა დააარსეს. პრიზი ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა პირს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანთა პიროვნული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისუფლების, ლიბერალიზმის განვითარებაში. ფრიდმანის პრიზი აწ გარდაცვლილ ბრიტანელ ეკონომისტს პიტერ ბაუერს გადაეცა 2002 წელს, 2004 წელს კი - პერუელ ეკონომისტს ერნანდო დე სოტოს, ფრიდმანის ,,თავისუფლების პრიზი" და 500 000 აშშ დოლარი მარტ ლაარს 2006 წელს ჩიკაგოში გადაეცა.

კატონის ინსტიტუტის შესარჩევი კომიტეტის შემადგენლობაში ცნობილი მოღვაწეები შედიან: ედუარდ ქრეინი - კატოს ინსტიტუტის პრეზიდენტი; ფრანჩისკო გილ დიასი - მექსიკის ფინანსთა ყოფილი მინისტრი; როუზ ფრიდმანი - ,,მილტონ და როუზ დ. ფრიდმანების" ფონდის თანადამფუძნებელი; კარენ ჰორნი - გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის ბერლინის ოფისის დირექტორი; ჩარლზ ჯ. კოხი - ,,კოხის მრეწველობის" ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი; ენდრიუ მიუენდა - ,,ადვოკატთა გაერთიანება უგანდას განვითარებისათვის"; მკვლევარი; მარი ანასტასია ო'გრედი - ,,Wall Street Journal"-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი; ფარიდ ზაკარია - ,,Newsweek International"-ის რედაქტორი.

წინა წლებში საერთაშორისო შესარჩევი კომიტეტის წევრები იყვნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვასლავ კლაუსი, ,,ფედექს კორპორაციის" ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ფრედერიკ სმიტი და სხვები.

ნომინანტთა რეგისტრაცია და წარდგენა უკვე დასრულებულია. მასში მსოფლიოს ქვეყნების ასობით წარმომადგენელი, სხვადასხვა სფეროს მოღვაწე, მეცნიერი, აქტივისტი თუ პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობდა. ისინი პირველი სამი ადგილისათვის იბრძოლებენ. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით.

2008 წლის 15 მაისს ნიუ-იორკში, სასტუმრო ,,უალდორფ-ასტორია"-ში ყოველწლიურ სადილზე საერთაშორისო შესარჩევი კომიტეტის მიერ არჩეულ კანდიდატს გადაეცემა ,,თავისუფლების პრიზი" და 500 000 აშშ დოლარი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი