საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა

23 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბაკურ კვეზერელი ქვემო ქართლში იმყოფებოდნენ. თავდაპირველად მათ კუმისში მეფრინველეობის ფაბრიკა დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ფაქტობრივად ნულზეა დასული კვერცხის იმპორტი, და ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებენ ეს და ანალოგიური ქართული კომპანიები. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინათ მოხმარების 40%-ს შეადგენდა.

ვლადიმერ გურგენიძემ აგრეთვე თელეთში მშენებარე თაფლის საწარმო დაათვალიერა.

ობიექტების დათვალირების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. - ,,ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, არის ექსპორტის ხელშეწყობა და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით. კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის შემთხვევაში, საინტერესო ის არის, რომ შარშან მათ, თავიანთ ქართველ კოლეგებთან ერთად, მოახერხეს და კონკურენტულ ბრძოლაში დაამარცხეს თურქეთის კომპანიები, ასევე მოახერხეს თავისი პროდუქციის გატანა სირიასა და ერაყში. ბუნებრივია, კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა იაფი კრედიტის მიღების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

ასევე ძალიან საინტერესო გეგმები აქვს თელეთის თაფლის ქარხნის მეპატრონესაც. იგი თავისი პროდუქციის რეალიზაციას აპირებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ადამიანთა დასაქმების მხრივ, ეს საწარმო ეფექტიანი გახდება: ობიექტის აშენება მილიონ დოლარამდე დაჯდება და იქ 70 ადამიანზე მეტი დასაქმდება. ბუნებრივია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც ყველანაირად მხარში დავუდგებით ქარხნის მეპატრონეს და ისიც იაფი კრედიტის მიღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი