საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ორი კომენტარი

18 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სამუშაო ჯგუფთან საქართველოს მთავრობის 50-დღიანი პროგრამის დეტალები განიხილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მისი საბოლოო ვარიანტი ხვალ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტისაგან დამატებითი დავალებების მიღების შემდეგ პროგრამაში შევა გარკვეული კორექტივები და შემდგომ მოხდება მისი საზოგადოებისათვის გაცნობა: - ,,ეს პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებების რეალური ხორცშესხმის გზები. ეს არის კომპაქტურად თავმოყრილი, კონკრეტული ვადებითა და მიზნებით განსაზღვრული მიდგომები. ამ ფორმატით საზოგადოებას იგი ჯერ არ უნახავს. მესმის, რომ ინტერესი დიდია, ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას ბოლო პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა შედეგებსა და სამომავლო გეგმებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ გურგენიძემ კომენტარი გააკეთა აგრეთვე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტზე და ამ საკითხის მიმართ რუსეთის პოზიციაზე. მან აღნიშნა, რომ კოსოვო არის განსაკუთრებული შემთხვევა და იგი არ შეიძლება რომელიმე ქვეყნისთვის იქცეს პრეცედენტად: - ,,ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისათვის, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები ორივე მხრიდან გადაიდგა. ამჟამად საქართვე-ლოს სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის მხარესთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, ჟენევაში მიმდინარე კვირას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით დაგეგმილია მოლაპარაკება. ეს ყველაფერი დიალოგის ნაწილია და, იმედს გამოვხატავ, რომ კოსოვოს შემთხვევა არანაირად არ შეუშლის ხელს რუსეთს ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზებაში", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი