საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი პრემიერ-მინისტრთან

15 თებერვალს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტების გაერთიანებებისა და ებრაელთა ევრაზიული კონგრესის წევრებთან ერთობლივი სამუშაო ლანჩი გამართა.

საქართველოს მხრიდან ბიზნესლანჩს ესწრებოდნენ: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესლანჩზე ილაპარაკეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური განვითარების შესახებ.

ვლადიმერ გურგენიძე შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თემასაც. - ,,შემოგვთავაზეს, გავმართოთ მოლაპარაკება ამ საკითხზე. ორშაბათს სამთავრობო დელეგაცია მიემგზავრება მოსკოვში. ეს არ არის ერთ დღეში მოგვარებადი საკითხი, ალბათ, ყველა საკითხის გასარკვევად საჭირო იქნება რამდენიმე რაუნდის გამართვა", - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ 2008 წლის დასაწყისი ქვეყნისათვის ძალიან კარგი იყო. - ,,საქართველოში შემოვიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო კაპიტალი. ეს არის ჩვენი კერძო სექტორის ინიციატივა და მუშაობის შედეგი. იმედი მაქვს, პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება. ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, მათთვის გასაგები და სწორი მიმართულებით" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი