საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა

2008 წლის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ,,საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" კანონპროექტი და მის თანამდევ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა. საკითხი პირველი მოსმენისათვის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ წარადგინა.

თავის გამოსვლაში ვლადიმერ გურგენიძემ ,,საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე ილაპარაკა და იმ ოთხ ძირითად კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ქვეყნის საფინანსო სექტორი გლობალურად უნდა შეცვალოს. კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს იმ ცვლილებათა ერთობლიობას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბებას; განხორციელდება ძირეული საგადასახადო რეფორმა; შემოღებულ იქნება საფინანსო ზედამხედველობის ინსტიტუტი; მთავრობა ვალდებული იქნება შემოიტანოს მხოლოდ პროფიციტული ბიუჯეტი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ კანონპროექტთა პაკეტი ძალაში შევა, 5 წელიწადში ჩვენს ქვეყანაში 10-12 მლრდ. დოლარის აქტივები მოიყრის თავს, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის უდიდესი ბიძგის მიმცემი იქნება. მისი თქმით, მთავრობას კანონით დაევალება, შემოიტანოს მხოლოდ პროფიციტული ბიუჯეტი, რასაც ინფლაციური პროცესების მართვისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მკვეთრად გაიზრდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი