საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე მაკარონის ქარხნის გახსნას დაესწრო

6 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ტერმინალ ,,ლილო-1"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკარონის ქარხნის გახსნას დაესწრო.

ქარხანაში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის კარგი მაგალითი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. - ,,ინვესტიციებს სამუშაო ადგილების ზრდა მოჰყვება და, შესაბამისად, თუ აქამდე საწარმოში 600-მდე კაცი იყო დასაქმებული, ახალი სიმძლავრეების სრულად დატვირთვის შემთხვევაში აქ დამატებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

დღევანდელ დღეს ასევე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა ექსპორტის წახალისება და იმპორტის სამამულო პროდუქციით ჩანაცვლება. ეს კომპანია ცდილობს, რომ ნედლეულის ნაწილი, ანუ ხორბალი, საქართველოში იყოს მოყვანილი. გარდა ამისა, ბაზარზე რაც უფრო მაღალი იქნება ადგილობრივად წარმოებული ფქვილის თუ სხვა პროდუქტების, მაგალითად, მაკარონის წილი, მით უკეთესი იქნება ჩვენი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. ამ საამქროში რეალიზებულია ყველა ის აქტუალური ეკონომიკური თემა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო პერიოდში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი