საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კონფერენცია ,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში

5 თებერვალს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც განიხილავდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას საქართველოში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ. მისი თქმით, ,,საქართველომ სერიოზული მუშაობა გასწია იმ სქემის მიხედვით, რომელიც ევროგაერთიანებასთან გვაქვს. განხილვები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს მეტად მნიშვნელოვანია. გვაქვს პროგრესი და შედეგად დღის წესრიგში ახალი გამოწვევები დგება".

პრემიერ-მინისტრმა ევროგაერთიანებასთან თავისუფალი ვაჭრობის და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებაც ილაპარაკა. მისი შეფასებით, ეს არის ის საკითხები, რომელთაც ყველაზე მეტი ეკონომიკური სიკეთის მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის, საბოლოო ჯამში კი უმუშევრობის დასაძლევად და იმედი გამოხატა რომ ამ მიმართულებით 2008 წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი