საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კომენტარი ბიზნესლანჩის შემდეგ

4 თებერვალს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიმართა საქართველო-ესტონეთის ბიზნესლანჩი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ პროექტის - საქართველოს ეკონომიკა: მომავალი ხუთი წელი - პრეზენტაცია მოაწყო.

როგორც ვლადიმერ გურგენიძემ პრესის წარმომადგენლებთან აღნიშნა, ბიზნესლანჩზე კონკრეტულ პროექტებზე ლაპარაკი არ ყოფილა. - ,,ესტონეთში ბევრი ბიზნესმენია, რომელთაც საქართველოში ინვესტირება აინტერესებთ. ზოგიერთმა მათგანმა კიდევაც განახორციელა ინვესტიციები უძრავ ქონებაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და სხვა სფეროებში. ეს ის დარგებია, სადაც საქართველო არის კონკურენტუნარიანი და დიდი პერსპექტივები აქვს, სადაც ბიზნესის წარმოება არის საინტერესო. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგანაც ეს ყველაფერი ქმნის სამუშაო ადგილებს.

ვილაპარაკეთ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის წარმოებაზე, იმაზე, თუ რაოდენ საინტერესო და მარტივია ჩვენთან ბიზნესის კეთება. ესტონელებს ეს ძალიან კარგად ესმით, რადგანაც ჩვენ დაახლოებით ერთი გზით მივდივართ, ერთნაირად რადიკალურად ვფიქრობთ ეკონომიკურ ლიბერალიზაციაზე და ბევრი რამე ვისწავლეთ ერთმანეთისგან.

იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი ძალიან კონკრეტულ შედეგებსაც გამოიღებს და საქართველოს, ინვესტიციების სახით, რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს შემატებს, რათა ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

ჩვენს ესტონელ კოლეგებს აინტერესებთ სამომხმარებლო ბაზართან დაკავშირებული სექტორები, სერვისები, უძრავი ქონება და მრავალი სხვა," - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი