საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული მინისტრები წარადგინა

პირველ თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ ახლად დანიშნული მინისტრები წარადგინა. თავდაპირველად მან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა.

- ,,ჯანდაცვა არის ის სფერო, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი მთავრობის გადახალისების პირობებში პროფესიული, სანდო და პატიოსანი კადრის არჩევა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ალექსანდრე დავითანხმეთ დაბრუნებულიყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საჭიროა, მუშაობა წარიმართოს საზოგადოებასთან მჭიდრო დიალოგის რეჟიმში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაემგზავრა და ახალი მინისტრი ზაალ გამცემლიძე წარადგინა. ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ახალ მინისტრს თანამედროვე და ევროპული ტიპის სამინისტრო ჩაბარდა. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს დავით ჩანტლაძეს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე.

- ,,ბუნებრივი რესურსების, წიაღისეული სიმდიდრის ცივილიზებული და რაციონალური მოხმარება, ისევე როგორც გარემოზე ზრუნვა, მისი დაცვა და ამ პროცესების თანამედროვე სტანდარტებით წარმართვა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დინამიკურად განვითარების კვალობაზე ეს სფერო სულ უფრო და უფრო ექცევა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების ცენტრში. მომავალში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს," - თქვა ვლადიმერ გურგენიძემ.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი გია ნოდია წარუდგინა. ვლადიმერ გურგენიძის თქმით, ეს ყველაზე რთული და რეფორმირებადი სფეროა.

- ,,თქვენ მოღვაწეობთ ამ ქვეყნის მომავლისათვის მნიშვნელოვან სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ უკვე გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი გაცილებით მეტია. სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ეს არის საბიუჯეტო ხარჯების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სფერო. ბუნებრივია, ყველანაირად ვეცდებით კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თავდადებული მუშაობისათვის და ახალ მინისტრს ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში," - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ნიკა გვარამია წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე - გენერალური პროკურორის რანგში.

- ,,მინდა ნიკა გვარამიას წარმატებული საქმიანობა ვუსურვო ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე. ბუნებრივია, ყველა მინისტრს აქვს მუშაობის ინდივიდუალური მეთოდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მას თანამშრომლებთან მუშაობა არ გაუჭირდება და ისინი ერთად გააგრძელებენ წინსვლას," - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

ვლადიმერ გურგენიძემ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ახალი მინისტრი ეკატერინე შარაშიძე წარადგინა. მისი თქმით, ახალი მინისტრი შეძლებს სამინისტროში დასაქმებულ ძლიერ, პროფესიონალ გუნდთან ერთად მრავალი წარმატების მიღწევას:

- ,,ეკონომიკა წარმოადგენს ჩვენი სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედსა და ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს. რეალურად ამ სამინისტროში წამოწყებული და დასრულებული პროექტები განსაზღვრავს იმას, მივაღწევთ თუ არა წარმატებას სიღარიბის დაძლევის საკითხთან დაკავშირებით. გასაკეთებელი ბევრია, არის რკინიგზის თემა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის თემა და მრავალი სხვა. ამასთან, ვისარგებლებ შემთხვევით და ქალბატონ ეკას ვულოცავ დაბადების დღეს," - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის კანცელარიაში ვლადიმერ გურგენიძემ საზოგადოებას ახალი სახელმწიფო მინისტრები წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობაში გატარდა რადიკალური ცვლილებები და ახალი სახეები შეირჩნენ მხოლოდ პროფესიული ნიშნით.

- ,,მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაცის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, რომლის წარმატებული დებიუტი ამ პოზიციაზე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ ერთიანობას, ისე, როგორც ამას ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს, და ისე, როგორც ყოველი ჩვენგანი ისურვებდა. კარგად ვაცნობიერებთ, შეუძლებელია ესოდენ სასურველი რეინტეგრაციის მიღწევა, თუ ძალიან მჭიდროდ არ ვითანამშრომლებთ ყველა მეგობარ, პარტნიორ თუ ჩვენით დაინტერესებულ სახელმწიფოსთან," - თქვა ვლადიმერ გურგენიძემ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის იულონ გაგოშიძის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიასპორა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი სფერო.

- ,,პირადად ვიყავი ამ დიასპორის ნაწილი წლების განმავლობაში. ვაცნობიერებთ, რომ საქართველო - ეს არა მარტო მისი ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ერთობაა, არამედ ეს არის აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ყველა პატრიოტი, ვინც მეტყველებს ქართულ ენაზე და ვინც იძულებულია სხვადასხვა ისტორიული თუ სოციალური გარემოების გამო იცხოვროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ახალი რგოლის გაჩენა მთავრობაში არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებას და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩვენმა დიასპორამ მაქსიმალურად ინტეგრირებულად იგრძნოს თავი საზოგადოებაში," - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი