საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

2008 წლის 31 იანვრის პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ პარლამენტის წევრებს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ვლადიმერ გურგენიძე;

რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - დავით ტყეშელაშვილი;

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - გიორგი ბარამიძე;

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - იულონ გაგოშიძე;

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - თემურ იაკობაშვილი;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი ნოდია;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - ზაალ გამცემლიძე;

ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ეკატერინე შარაშიძე;

ენერგეტიკის მინისტრი - ალექსანდრე ხეთაგური;

თავდაცვის მინისტრი - დავით კეზერაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ნიკა გვარამია;

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - კობა სუბელიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ბაქრაძე;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ნიკა გილაური;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ალექსანდრე კვიტაშვილი.

სამთავრობო პროგრამა ,,საქართველო სიღარიბის გარეშე" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვლადიმერ გურგენიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2008-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: მოსახლეობის კეთილდღეობა, საქართველო სიღარიბის გარეშე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია.

ვლადიმერ გურგენიძის თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება, ერთის მხრივ, სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისაკენ და, მეორეს მხრივ, სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სოციალური პროგრამების განხორციელებისაკენ.

სწრაფი და ფართო ეფექტის მქონე ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებით და ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება პროფიციტული ბიუჯეტით, მარტივი და დაბალი გადასახადებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, საკუთრების უფლების დაცვით, ლიბერალური სავაჭრო და სატრანსპორტო პოლიტიკით, ექსპორტის ზრდით, სოფლის მეურნეობის სექტორის კომერციალიზაციით, დასაქმებისა და დაგროვების სტიმულირებით და მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შექმნით.

როგორც ვლადიმერ გურგენიძემ განმარტა, სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა გაითვალისწინებს რესურსების კონსოლიდაციას და ეფექტიანი ინსტიტუტების შექმნას ხელმოკლეთა დასახმარებლად. ზემოაღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება სოციალური ბიუჯეტის მიზანმიმართული ხარჯვით, ბენეფიციართა შერჩევის ეფექტური მექანიზმებით, ჰოსპიტალური სისტემის განვითარების პროგრამით, სოფლის ექიმის ფართოდ განვითარებული ქსელით, ხელმოკლეთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სადაზღვევო სისტემით, სოციალური საპენსიო პაკეტით, პროგრამით ,,ღირსეული დასაწყისი".

მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტრის განვითარებას, კერძო ინვესტიციებს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ,,ღია ცის" პოლიტიკის განხორციელებას, საგზაო გადაზიდვების ლიბერალურ რეჟიმს, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების გაზრდას, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და რეგიონული დისბალანსის შემცირებას.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის არსებითია ნიჭზე და უნარებზე ორიენტირებული და კორუფციისაგან თავისუფალი, მცირე და მოქნილი საჯარო სამსახურის შექმნა.

ვლადიმერ გურგენიძემ პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრებმა მოგვიანებით კენჭი უყარეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ,,საქართველო სიღარიბის გარეშე", რომელსაც ნდობა 141 ხმით, ერთხმად გამოუცხადეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი