საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

24 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი არის საფუძვლიანად გადახალისებული, მასში წარმოდგენილი არიან სამივე თაობის, საზოგადოებისათვის ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები.

მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები პარლამენტთან, ექსპერტებთან, აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გუშინ საღამოს კონსულტაციები დასრულდა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა.

- ,,შერჩევა წარმოებდა მხოლოდ პროფესიული ნიშნით და არამც და არამც პოლიტიკური თუ პარტიული კუთხით. ამ მთავრობის ძლიერი ასპექტი არის მისი, როგორც ძველი, ისე ახალი წევრების ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

- ,,ცვლილებების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი - გია ბარამიძე;

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - იულონ გაგოშიძე. არაერთხელ მითქვამს, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა მილიონზე მეტ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. XXI საუკუნეში, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საიმისოდ, რომ ეს ადამიანები იყვნენ სრულად ინტეგრირებულები ჩვენ საზოგადოებაში;

სახელმწიფო მინისტრი ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში - კობა სუბელიანი. მან ძალიან კარგად იმუშავა ბოლო პერიოდში და ეს მცირედი ტაქტიკური ცვლილება არის მისი ეფექტიანი მუშაობის აღიარება და კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ მოსახლეობის ეს კატეგორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთავრობა კიდევ უფრო გააგრძელებს ზრუნვას ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის;

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - თემურ იაკობაშვილი. ბატონი თემური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია;

სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში - დავით ტყეშელაშვილი;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გია ნოდია. ბატონი გია არის გამოცდილი, პროფესიონალი და ფართო თვალსაწიერის ადამიანი. მას აქვს როგორც აკადემიური, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - ზაზა გამცემლიძე. ზაზა გამცემლიძე იყო ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. იგი არის ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი და თავისი საქმის ნამდვილი მცოდნე. იმედი გვაქვს, რომ იგი დიდხანს და ნაყოფიერად იმუშავებს ჩვენს მთავრობაში;

ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ეკატერინე შარაშიძე;

ენერგეტიკის მინისტრი - ალექსანდრე ხეთაგური;

თავდაცვის მინისტრი - დავით კეზერაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ნიკა გვარამია. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი კი წარდგენილია გენერალური პროკურორის პოსტზე;

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკა ვაჩეიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ბაქრაძე, ბატონი დავითი ერთ-ერთი ახალი და დამახასიათებელი სახეა ჩვენი მთავრობის. ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მოღვაწეობას კერძო სექტორში გააგრძელებს;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ნიკა გილაური;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - სანდრო კვიტაშვილი. იგი არის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი. ბოლო 6 წელიწადი მოღვაწეობს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციაში ნიუ-იორკში. სანდროს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორის მართვის, მოწყობისა და რეფორმირების თვალსაზრისით.

რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. ბატონი კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიას უხელმძღვანელებს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

დასასრულ, ვლადიმერ გურგენიძემ მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ წევრებს და იმედი გამოხატა, რომ მათთან ხშირად მოუწევთ კონტაქტი როგორც პროფესიონალური, ისე წმინდა ადამიანური ნიშნით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი