საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველო არნახულ ეკონომიკურ გამარჯვებას გეგმავს

THE WALL STREET JOURNAL

By Flemming E. Hansen and Christopher Emsden

January 17, 2008


საქართველოს ხელმეორედ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სურს გადასახადების შემცირება, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, უცხოური ინვესტიციებისათვის კანონების ლიბერალიზაცია და საერთაშორისო საბაზრო კაპიტალის გამოყენება, რაც იმ რადიკალური გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ ქვეყნის ეკონომიკას არნახულ გამარჯვებას მოუტანს. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვენაში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

- ,,ქვეყანა, პრაქტიკულად, ყველაფერს გააკეთებს, რათა ბიზნესსა და ეკონომიკას შეუწყოს ხელი და მას გზაზე აღარასოდეს გადაეღობოს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ. ლადო გურგენიძე 37 წლის არის და ABN Amro-ს კორპორაციული ფინანსური მენეჯერისა და ამავე კომპანიაში შერწყმისა და შესყიდვების მენეჯერის თანამდებობებზეა ნამუშევარი. ლადო გურგენიძე ესაუბრა Dow Jones Newswires-ის კორესპონდენტს კონფერენციის დროს, რომელიც ვენაში გაიმართა.

გასულ კვირას მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 15%-მდე შემცირდება, ხოლო კაპიტალური მოგების გადასახადი, რომელიც ამჟამად 20%-ს უდრის, საერთოდ გაუქმდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება საგადასახადო ვალდებულებისაგან თავისუფალი ზონა, რომელიც დუბაის მოდელის მიხედვით აიგება.

ამ პაკეტში შესული სხვა წინადადებებით გათვალისწინებულია პროფიციტული ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოზიციების გამყარებისათვის ზრუნვა, რის შედეგადაც ეს ბანკი ფინანსური მომსახურების სექტორის ერთადერთ რეგულატორად და ზედამხედველად უნდა გადაიქცეს. პარლამენტი ამ პაკეტს სავარაუდოდ მარტში დაამტკიცებს.

როგორც დავით ამაღლობელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა აგრეთვე განმტკიცდება ინფლაციის ისეთი მაჩვენებლით, რომელიც 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც უკვე 2009 წლიდან დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის თქმით, ,,ერთნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს მონეტარული პოლიტიკის შუქურად გადაიქცევა". საქართველოში გასულ წელს ინფლაციამ 11%-იან ნიშნულს მიაღწია, რასაც საკვები პროდუქტების ფასების აწევამ და ადგილობრივი კრედიტების ზრდამ შეუწყო ხელი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 8%-მდე დაიწიოს.

2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 50%-ით გაიზარდა. მხოლოდ შარშან კი ამ მაჩვენებელმა 12%-ით მოიმატა. თუმცა ლადო გურგენიძემ აღიარა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და ექსპორტის ზრდა კვლავ სუსტ წერტილებად რჩება.

აღნიშნული აქტი საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებსაც მისცემს საქართველოში მუშაობის შესაძლებლობას ისე, რომ არ დაექვემდებარონ ადგილობრივ წესებსა და ზედამხედველობას, მაგრამ იმ წინაპირობის საფუძველზე, რომ მათ მიერ საქართველოში მიღებული მოგება 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ლადო გურგენიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრად 2007 წლის ნოემბერში დაინიშნა, აღნიშნული პაკეტი პრეზიდენტის არჩევნებისათვის მზადების პერიოდში მოამზადა. ეს პერიოდი წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა და მას უსამართლოდ წარმოებული საარჩევნო კამპანიისა და თაღლითობის ბრალდებებით ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები მოჰყვა (მანამ, ვიდრე ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტად სააკაშვილს ხელახალი ვადით აირჩევდნენ). ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ მოვლენებს ქვეყნის ეკონომიკაზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი ქონების პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდება და მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო სამრეწველო წილის დაახლოებით 25% გაიყიდება. საქართველოს რკინიგზის სისტემა, რომელიც 1.612 კილომეტრის სიგრძის ქსელისაგან შედგება, ნაწილობრივად იქნება პრივატიზებული, ხოლო ,,თბილწყალმომარაგება", რომელიც ქვეყნის უდიდესი კომპანიაა, წლეულს გაიყიდება.

სამშაბათს ბატონმა გურგენიძემ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს რკინიგზის 10%-ის საინვესტიციოდ გადაცემას საწყისი სახელმწიფო შეთავაზების სახით, რომელსაც შემდგომში 25% დაემატება, ხოლო საბოლოოდ კი ამ კომპანიის მთლიანი, 100-პროცენტიანი წილის პრივატიზაცია განხორციელდება. მიღებული თანხა ახლად შექმნილ ,,სუვერენული კეთილდღეობის ფონდში" გადაირიცხება, რომლის გამოყენება მხოლოდ ომის, ბუნებრივი კატასტროფების ან კონფლიქტური ზონების შემოერთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ლადო გურგენიძემ იმედი გამოხატა, რომ ეს ნამდვილად განხორციელდება.

მთავრობა აგრეთვე მოელის, რომ საინვესტიციო კაპიტალი საქართველოს ჰიდროენერგორესურსების განვითარებისთვისაც შემოვა. საქართველო ელექტროენერგიით უკვე აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნილებას, მაგრამ ამ ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 18%-ია გამოყენებული. ლადო გურგენიძის თქმით, იგი მოელის, რომ ამ სექტორში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1-1,5 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება და იმ ათეულობით მცირე მოცულობის კერძო ელექტროსადგურს დაემატება, რომლებიც ქვეყნის მდინარეებზე იგება. ამჟამად ჩვენ გამოვიმუშავებთ ზუსტად იმდენ ელექტროენერგიას, რაც საკუთარი მოხმარებისათვის გვჭირდება, მაგრამ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში განზრახული გვაქვს, წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდის მოცულობის ენერგოექსპორტი განვახორციელოთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი ენერგოშიმშილს განიცდის.

როგორც მან თქვა, წლეულს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმაც შეიძლება გამოუშვან დამოუკიდებელი ობლიგაციები, რომლებიც ადგილობრივ ბანკებს გლობალურ ბაზრებზე საბითუმო დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება. ობლიგაციების გამოშვება სამთავრობო დაფინანსების მოთხოვნილებებს კი არ ასახავს, არამედ დაადგენს გარკვეულ ზღვარს, რაც გამსესხებლებს საშუალებას მისცემს, საქართველოს ბანკებისათვის უფრო ხელსაყრელი ფასები დააწესონ.

იურკი ტალვიტიეს, შვედური კერძო ვენჩერული კომპანია East Capital-ის ფინანსური მენეჯერის, შეფასებით (ეს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ინვესტორია საქართველოში), მომავალ წლებში ქვეყნის ენერგოსექტორი ინვესტიციებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ მიზნად გადაიქცევა. ბატონი ტალვიტიე, რომლის კომპანიის პორტფელიც 200-300 მილიონ ევროს შეადგენს (რაც 287-445 მილიონ დოლარს უდრის), აგრეთვე მიუთითებს, რომ უძრავ ქონებასა და საცალო ვაჭრობას დიდი პერსპექტივები აქვს.

ბატონი ტალვიტიეს თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში აიღეს ტემპი და სწორედ იმიტომ, რომ აქ ინვესტიციის განხორციელება ძალიან გაიოლებულია. ახალი რეფორმების შედეგად კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაადვილდება. იგი აცხადებს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს ორციფრიან პროცენტულ ზრდას სულ ცოტა მომავალი სამი წლის განმავლობაში და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ადრეული სამომხმარებლო ბუმი დაიწყბა, რაც ბუნებრივი გამწევი ძალა გახდება შემდგომი განვითარებისათვის.

,,გამოწვევა ის არის, რომ საქართველომ მოახერხოს რაც შეიძლება მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, რათა ეკონომიკური ზრდა მუდმივ აღმავლობას განიცდიდეს", - ამბობს ბატონი ტალვიტიე.