საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვლადიმერ გურგენიძე წარადგინა

16 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვლადიმერ გურგენიძე წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის კანდიდატურას პარლამენტს უახლოეს საათებში წარუდგენს და იმედოვნებს, რომ მისი კანდიდატურა უახლოეს დღეებში დამტკიცდება. მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ დაწყებული რეფორმები უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც ბევრად უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრეზიდენტმა პენსიების ეტაპობრივად გაორმაგება, პედაგოგთა ხელფასებისა და ზოგადად სოციალური დახმარებების მკვეთრი ზრდა და დასაქმების პროგრამის გაფართოება დაავალა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ლადო გურგენიძემ უნდა მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე განხორციელებული რეფორმების შედეგები. ,,ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენმა რეფორმებმა კიდევ უფრო აქტიური ხასიათი შეიძინოს და კიდევ უფრო სწრაფად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის შენება და განვითარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ,,ჩვენი წარმატებები კიდევ უფრო ჩქარი ტემპით გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი შემოგვყურებს იმედის თვალით. ასევე ძალიან დიდი ძალებია დაინტერესებული, რომ საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ექსპერიმენტი, გარკვეულწილად, წარუმატებლობის ჭაობში ჩაეფლოს. ამას ვერავინ დაინახავს - ეს უკვე ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. ჩვენ ვიძენთ ახალ პრემიერ-მინისტრს, ე.ი. ვიძენთ ახალ ენერგიას, ახალ ძალას და სერიოზულ სტიმულს. ლადო გურგენიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც დასავლური განათლება და ინგლისში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული. მან, პრაქტიკულად, მკვდარი საბანკო სექტორის გაცოცხლება შეძლო. ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციები პირველად სწორედ მან გაიტანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ახლა სწორედ ასეთი წარმატებული მენეჯერი, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი სჭირდება.


წარდგენის შემდეგ, ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია: ,,მე ამას ვაფასებ და სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები. მიმაჩნია, რომ მისი უზენაესობა - ხალხის გზავნილი მიღებულია. ეს გზავნილი, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე. ეს უნდა იყოს იმ რეფორმების საფუძველი, რომლებიც, პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, გატარდება.

გარდა ამისა, გაკეთდება აქცენტი დასაქმებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. თუკი პარლამენტი მე დამამტკიცებს, ჩემს პირველ ამოცანას იმაში ვხედავ, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი, მიიღწეს კონსენსუსი განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ, ძალიან მნიშვნელოვან, ჯგუფს შორის. ამ ჯგუფებს ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა და ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის და ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის ძალისხმევით.

ეს სამი ჯგუფი არის, პირველ რიგში, ქართული ბიზნესი. ქართულმა ბიზნესმა საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი დაინტერესება, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა, სწორედ ეს მიმაჩნია შემდგომი წინსვლის, შემდგომი ინვესტირებებისა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნის საწინდრად.

მეორე ჯგუფი, ეს არის ჩვენი ინვესტიციების ორი ყველაზე დიდი წყარო: უცხოელი ინვესტორები, ამ აუდიტორიასთან მე ბევრი მაქვს ნამუშევარი, ალბათ არცთუ ისე წარუმატებლად. შესაბამისად, იმისათვის რომ გაგრძელდეს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური წინსვლა, ამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფთან მოხდება კომუნიკაციის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ ინვესტიციების მეორე წყაროს - ეს არის ქართული დიასპორა, მილიონამდე ადამიანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ინვესტიციებით. ამ ჯგუფთანაც, მე ბევრი რამ მაკავშირებს: მოგეხსენებათ, 14 წლის მანძილზე არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვსწავლობდი და ვმუშაობდი ამერიკაში და ინგლისში, აგრეთვე რუსეთში, პოლონეთში და ა.შ.

ასე ვხედავ, იმ მთავარ ამოცანებს, რომლებიც ჩემს წინაშე არის დასმული" - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი