საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის გამოსვლა ეუთოს საბჭოს სხდომაზე

2007 წლის 30 ოქტომბერს ვენაში გაიმართა ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალური სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ეუთოში აკრედიტებული დელეგაციების წინაშე. მან ფართო კონტექსტში ილაპარაკა საქართველოში არსებული მდგომარეობის და, კერძოდ, კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წარმოადგინა საქართველოს მხარის ხედვა ამ პროცესის შემდგომი განვითარების თაობაზე, ილაპარაკა აგრეთვე იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი, საქართველო). ამ თვალსაზრისით მან საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, საუბარი შეეხო დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის შედეგად ცხინვალის რეგიონში მიღწეულ პროგრესს, რეგიონის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის საქმიანობასა და მისი მუშაობის პირველ შედეგებს. ამ კუთხით, თქვა პრემიერ-მინისტრმა, ,,საკმაოდ სერიოზული დინამიკა გვაქვს დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობის სახით, ძალიან აქტიურად ვითარდება პროცესები. ავსტრიაში ჩვენ წამოსვლამდე გაიმართა ამ კომისიის სხდომა ცხინვალის რეგიონში, სადაც ვიმსჯელეთ განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებზე".

ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მიერ ამ საერთაშორისო პროგრამაში შეტანილ წვლილზე.

წითელუბანზე სარაკეტო თავდასხმის კონტექსტში ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა ეუთოს ფარგლებში შესაბამისი პრევენციული და სწრაფი რეაგირების მექანიზმების ამუშავების საკითხზე. მან განაცხადა, რომ ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წითელუბნის დაბომბვის ფაქტის ეუთოში განხილვა და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ". მან ასევე განაცხადა, რომ ,,საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, სოფელ დიდ გუფთაში, რომელმაც უნდა შეაჩეროს რეგიონის გავლით დანარჩენ საქართველოში კონტრაბანდა, იარაღის, ნარკოტიკების ან გამდიდრებული ურანის შემოდინება, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა აქტიურად დაუჭირა მხარი. ეს მაძლევს იმედს, ვიფიქრო, რომ შსკ-ს მომდევნო შეხვედრისათვის ამ საკითხზე ბევრად უფრო კონსტრუქციული საუბარი შეიძლება გვქონდეს".

ვენაში ყოფნისას იგი აგრეთვე შეხვდა კარლოს დე ბოადოს (Carlos De Boado), ეუთოს ესპანელ თავმჯდომარეს და ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს (Mark Perrin de Brichambaut).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი