საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი Doing Business 2008-ის შედეგებისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ

5 ოქტომბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ,,ბიზნენსის წარმოება 2008" პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში დეტალურად ილაპარაკა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგებზე, ასევე, საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და უკვე წარმატებით განხორციელებული მრავალი რეფორმის წყალობით საქართველო წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იუმჯობესებს პოზიციებს მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში.

2005 წელს საქართველო რიგით 112-ე ქვეყანა იყო ბიზნესის კეთების სიადვილის თვალსაზრისით; შარშან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა და აღიარებულ იქნა მსოფლიოს №1 რეფორმატორ ქვეყნად...

2007 წელს მიზნად ვისახავდით მსოფლიოს 25 საუკეთესო ქვეყნის რიგებში მოხვედრას. "Doing Business 2008"-ის მიხედვით ბიზნესის კეთების სიადვილის თვალსაზრისით დღეისათვის საქართველო მე-18 ქვეყანაა მსოფლიოში.

იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის უფრო ადვილად აღქმადი გახდეს მიღწეული შედეგის მნიშვნელობა მოვიყვან შემდეგ მაგალითს: საქართველოში ბიზნესის წარმოება უფრო ადვილი გახდა ვიდრე ეს არის ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

...აღარაფერს ვიტყვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

ჩვენს მიერ გატარებულ ყველა იმ რეფორმას, რომელიც ეკონომიკური შინაარსისაა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული საფუძვლად მხოლოდ ერთი პრინციპი უდევს - გამოირიცხოს წლების მანძილზე დამკვიდრებული ნებისმიერი არასასურველი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის საქმიანობაში... დამკვიდრდეს თამაშის მარტივი და ყველასათვის თანაბარი წესები და უზრუნველყოფილი იყოს მისი დაცვა ყველა მოთამაშის მხრიდან.

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყნის სამეწარმეო გარემოს 10 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს.

მოკლედ მოგახსენებთ მიმდინარე წელს საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გატარებული იმ რეფორმების შესახებ, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს "Doing Business 2008"-ის ანგარიშში:


საწარმოს რეგისტრაცია

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით უკვე მეოთხე წელია ვაგრძელებთ საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას.

2005 წელს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისათვის 9 სხვადასხა საფეხურის გავლა და 25 დღე იყო საჭირო.

მოგეხსენებათ, რომ ბიზნესის რეგისტრაციამ გადაინაცვლა სასამართლოდან საგადასახადო დეპარტამენტში, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეერთიანებინა ბიზნესისა და გადამხდელად რეგისტრაციის პროცედურები.

ათჯერ შემცირდა შპს-ს მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა.

წელს კი, გავაუქმეთ სავალდებულო მოთხოვნა განაღდებულ საწესდებო კაპიტალზე.

აღნიშნული ცვლილებებით მნიშვნელოვნად შემცირდა დრო, ხარჯი და კორუფციის რისკი ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით.

ამჟამად, შპს-ს რეგისტრაციისათვის მხოლოდ 3 დღეა საჭირო. ფიზიკურ პირთათვის კი, მხოლოდ 1 დღეშია შესაძლებელი სამეწარმეო საქმიანობის დაწყება.

დღეს უკვე საქართველო რიგით მე-10 ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიადვილის თვალსაზრისით (შარშან იყო 39-ე)

ყოველივე ამის შედეგად გაიზარდა დარეგისტრირებული საწარმოების რიცხვი. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა და მეწარმე ფიზიკურ პირთა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ლიცენზიები და ნებართვები

მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ლიცენზიებისა და ნებართვების სფეროში რეფორმის განხორციელების შემთხვევაშიც.

სულ რაღაც 2 წლის წინ ლიცენზიის მოსაპოვებლად 25 საფეხურის გავლა და 195 დღე იყო საჭირო (ეს კატეგორია 2 წლის წინ შემოიღეს. მანამდე არ იყო).

დაახლოებით 800-ით, ანუ 85%-ით, შემცირდა იმ საქმიანობების რიცხვი, რომელიც წინათ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.

ამჟამად, დარჩენილია მხოლოდ 86 ლიცენზია და 50 ნებართვა.

"Doing Business 2008"-ის ანგარიშში საქართველო სამაგალითო ქვეყანაა სამშენებლო ლიცენზირების სფეროში.

შემოღებულია ,,ერთი ფანჯრის პრინციპი" და ,,დუმილი თანხმობის ნიშანია" წესი.

სულ რაღაც 3 წლის წინ მშენებლობის ნებართვის მისაღებად 29 სხვადასხვა ტიპის ბიუროკრატიული საფეხური არსებობდა, რაც საკმაოდ დიდ დროსა და დანახარჯებს მოითხოვდა.

... დიდი იყო კორუფციის რისკი.

წელს კი, სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად მხოლოდ 12 აუცილებელი საფეხურის გავლა და მაქსიმუმ 3 თვეა საჭირო.

ამ მაჩვენებლებით საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით (გარდა დანიისა)

შედეგად, ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რა ტემპებით ვითარდება სამშენებლო ბიზნესი საქართველოში. მიმდინარე წლის I ნახევარში 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობის სექტორის რეალურმა ზრდის ტემპმა 10% შეადგინა

დღეისათვის საქართველო მე-11 ქვეყანაა მსოფლიოში ლიცენზიების მოპოვების სიადვილის თვალსაზრისით (შარშან იყო 27-ე)


შრომის ბაზარი

2005 წლის "Doing Business 2008"-ის ანგარიშში საქართველოს შრომის კანონმდებლობამ საკმაოდ არასახარბიელო შეფასებები დაიმსახურა.
მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა საკმაოდ რთულ პროცესებთან იყო დაკავშირებული; მაღალი იყო სამუშაო ძალაზე არასახელფასო დანახარჯები და ა.შ.

2006 წელს მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურად და ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ძირეულ მოთხოვნას.

2008 წლის რეიტინგით საქართველო რიგით მე-4 ქვეყანაა ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის კუთხით (შარშანაც იგივე იყო)


ქონების რეგისტრაცია

ჯერ კიდევ 3 წლის წინ ძალზედ გართულებული იყო ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
ქონების დასარეგისტრირებლად 8 ბიუროკრატიული ბარიერი და 39 დღე იყო საჭირო... და ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვდა (ქონების 2.5%)

2005 წელს ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა: მხოლოდ 6 საფეხური, 9 დღე და ქონების 0.6% იყო საჭირო.

წელს კი, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები.

ამიერიდან, საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაცია ნოტარიული დამოწმების გარეშეც არის შესაძლებელი
დღეს უკვე, ნებისმიერი სახის უძრავი ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია 3 დღეში ქონების 0.1%-ის საფასურად.
ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველო მე-11 ქვეყანაა მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის სიადვილის თვალსაზრისით (შარშან იყო მე-18)


საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა

ქვეყანაში ფინანსური შუამავლობის განვითარებისა და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობისათვის ჩვენ ვაგრძელებთ ფინანსური სფეროს რეფორმას.

Doing Business-ის ამ ნაწილშიც საქართველო საკმაოდ წარმატებულია.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა საკრედიტო ბიუროს მოცვის არეალი, ამაღლდა მონაცემთა საიმედოობის ხარისხი.

ქვეყანაში ძლიერი საკრედიტო-საინფორმაციო ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ შუამავლობასთან დაკავშირებულ რისკებს და საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს უფრო გამჭვირვალესა და პროგნოზირებადს ხდის.

ამ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად საბანკო სექტორი 2007 წელსაც კვლავ ყველაზე მაღალი ტემპებით ვითარდება; ქვეყნის მიმართ სულ უფრო მატულობს მსოფლიოში ცნობილი საფინანსო ინსტიტუტების ინტერესი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში საქართველო 48-ეა მსოფლიოში წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად ვიუმჯობესებთ პოზიციებს (შარშან 62-ე ვიყავით).


ინვესტორთა ინტერესთა დაცვა

ინვესტორთა ინტერესთა დაცვა Doing Business-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სულ რაღაც 1 წლის წინ შეფასებების ამ ნაწილში 120-ე ადგილზე ვიყავით. წელს კი, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების წყალობით 33-ე ადგილზე დავწინაურდით.

საქართველოს კანონი ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" ერთმნიშვნელოვნად იცავს მცირე წილის მქონე აქციონერებს ინტერესთა კონფლიქტისაგან.

ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში იგივე კანონი უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას, ხოლო ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირებს სამმართველო გადაწყვეტილების მიღებისას ეკრძალებათ ხმის მიცემის უფლება.

საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები გახდა გაცილებით გამჭვირვალე პროცესი და პრაქტიკულად გამოირიცხა არაკეთილსინდისიერი გარიგებების დადების შესაძლებლობა


საგადასახადო რეფორმა - გადასახადების გადახდა

საგადასახადო რეფორმის ძირითადი ნაწილი 2005-2006 წლებში განხორციელდა.

გადასახადების რაოდენობა 22-დან 7-მდეა შემცირებული. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადების განაკვეთებიც:
დღგ-ს 20%-იანი განაკვეთი 18%-მდე იქნა დაყვანილი,
სოციალური გადასახადი - 31-დან 20%-მდე,
საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე
შემოვიღეთ 100% ამორტიზაციის პრინციპი. ინვესტიციების განხორციელებისას ხდება დღგ-ს ჩათვლა და თვენახევრის განმავლობაში თანხის ინვესტორისათვის ანაზღაურება.

2007 წელს შეიქმნა ერთიანი შემოსავლების სამსახური. მეწარმეს საკუთარი ბიზნესაქტივობის შესახებ ინფორმაციის დეკლარირება მხოლოდ ერთ სამთავრობო სტრუქტურასთან უხდება.

აღნიშნულმა ქმედებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო: მეწარმესათვის შემცირდა საგადასახადო სტრუქტურებთან ანგარიშგების დროითი დანახარჯები.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლიდან ვაპირებთ საგადასახადო კოდექსის კიდევ უფრო გამარტივებას.

მოგების გადასახადი 20-დან 15%-მდე დაიკლებს; ერთ გადასახადში გაერთიანდება სოცალური და საშემოსავლო გადასახადები და საშუალო შეწონილი განაკვეთი 25%-მდე შემცირდება.

2008 წლიდან საქართველოში იარსებებს მხოლოდ 6 გადასახადი.

დამეთანხმებით, რომ ამით კიდევ უფრო გაიოლდება და ხელსაყრელი გახდება საქართველოში ბიზნესის წარმოება.

საქართველო რიგით 102-ე ქვეყანაა შეფასებების ამ ნაწილში (შარშან ვიყავით 103-ე).


სავაჭრო პოლიტიკა

საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით ვახორციელებთ ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას.

გავაუქმეთ საიმპორტო გადასახადები გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სამშენებლო მასალებზე.

2007 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

2005 წელს იმპორტზე საბაჟო პროცედურები 52-დან 14 დღემდე შემცირდა. ეხლა კი, იგივე პროცედურები მხოლოდ 4 დღეს საჭიროებს.

ანალოგიურად გამარტივდა ექსპორტის წარმოებაც. 3-5 დღეა საჭირო საქონლის ექსპორტზე გასატანად, მაშინ როცა სულ რაღაც 2 წლის წინ იგივე პროცედურებს 54 დღე სჭირდებოდა.

მინიმუმამდეა დაყვანილი საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერები...

საექსპორტოდ საჭირო დოკუმენტების რაოდენობა 9-დან 3-4-მდეა შემცირებული, ხოლო იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტების რაოდენობა - 15-დან 5-7-მდე.

შევიმუშავეთ რისკების მართვის ეფექტური სისტემა. კეთილსინდისიერი მეწარმეთათვის შემოვიღეთ ე.წ. ,,ოქროს სია" და კიდევ უფრო გამარტივებული საბაჟო პროცედურები.

ამ ნაწილში ვართ 64-ე ქვეყანა. (შარშან ვიყავით 59-ე)


სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა (კანონი გაკოტრების შესახებ)

2007 წლის დასაწყისში მივიღეთ კანონი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ", რომელიც ჩაენაცვლა მანამდე არსებულ კანონს "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ".
გაკოტრების საქმის წარმოების პროცედურები 3.3 წლიდან 5 თვემდე იქნა დაყვანილი, ხოლო ე.წ. ,,ამოღების პროცენტი" 27.5-დან 85 პროცენტამდე გაიზარდა.


მაკროეკონომიკური მიმოხილვა

წარმატებული სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების შედეგად საქართველო მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზას ადგას.

ორიოდე სიტყვით ქვეყნის მაკროეკონომიკური შედეგებსაც შევეხები:

2006 წელს მშპ-ს ზრდა 9.4% იყო. წელს კი, სავარაუდოდ მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 14-15 პროცენტს მიაღწევს.

მიმდინარე წელი ძალზედ შთამბეჭდავი შედეგებით დაიწყო:

2007 წლის I ნახევარში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 12.5 პროცენტი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში 30%-ით მეტი შემოსავლები იქნა მობილიზებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ნაერთ ბიუჯეტში 32%-ით მეტი).

უკვე მოგახსენეთ, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში დამატებით 42 ათასამდე ახალი საწარმო შეიქმნა, რაც გაუმჯობესებულ სამეწარმეო გარემოსა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

2004 წლიდან დღემდე მშპ-ს კუმულატიურმა ზრდის ტემპმა 30% შეადგინა.


... და რაც ყველაზე მისასალმებელია, ეკონომიკის ყველა სექტორი აქტიურად მონაწილეობს საერთო ეკონომიკურ ზრდაში და მათი დიდი ნაწილი ორნიშნა ზრდის ტემპებით ვითარდება.

ესენია: საბანკო სექტორი, სამთომომპოვებელი და დამამუშავებელი მრეწველობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა.

საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. 2006 წელს 2005 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 165%-ით გაიზარდა და მშპ-ს 15% შეადგინა.


2007 წლის მხოლოდ 6 თვეში ქვეყანაში 1.2 მილიარდ აშშ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ჩვენის ვარაუდით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება და მშპ-ს 25%-ს მიაღწევს.

ინფლაციის ერთნიშნა დონე და სტაბილური სავალუტო კურსი დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორებია ეკონომიკის განვითარებისათვის.

სულ ეს არის, რაც შეიძლებოდა მოკლედ მეთქვა Doing Business 2008-ის ანგარიშის შესახებ.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, რომლის წყალობითაც საქართველოს ეკონომიკა მდგრადი განვითარების გზას ადგას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი