საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იმერეთს ესტუმრა

21 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმერეთში ჩავიდა.

ზურაბ ნოღაიდელმა ჭიათურაში დაათვალიერა №9-ე საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, ხის გადამმუშავებელი საწარმო, გაეცნო წყალმომარაგების სისტემისა და სატუმბო სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოინახულა ,,ჭიათურმანგანუმის" ქარხანა. საწარმოში დღეისათვის 3 ათას კაცზე მეტია დასაქმებული და 350 ათას ტონა პროდუქციას უშვებს, 2008 წლისთვის კი დაგეგმილია პროდუქციის წლიური ბრუნვის 450 ათას ტონამდე გაზრდა.

ჭიათურის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი ზესტაფონში გაემგზავრა, სადაც საწარ-მო ,,ეკომეტალი", შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი" (ყოფილი ფეროშენადნობთა ქარხანა) დაათვალიერა.

- ,,ჩვენ გვაქვს ინვესტორებთან ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი 2 წლის განმავლობაში 75 მილიონი დოლარის და შემდგომი წლების განმავლობაში 150-200 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურად არის დასაქმებული მუშახელი როგორც ,,ჯორჯიან მანგანეზში", ისე ,,ჭიათურმანგანუმში". გაისად პირველ კვარტალში იწყება ,,ჯორჯიან მანგანეზში" მე-7 ღუმელზე მუშაობა. ამის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება პროდუქციის გამომუშავება, შემოსავლები და, შესაბამისად, - დასაქმებულთა ხელფასებიც" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი