საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის მხარეს ესტუმრა

10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში ჩავიდა. ზურაბ ნოღაიდელმა რუსთავში დაათვალიერა ქუთაისის, ლეონიძის ქუჩებზე, ტაშკენტის, შარტავას მოედნებზე, ასევე, ვახტანგისის 18-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობა; ეწვია რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრს და საჯარო სკოლებს; რუსთავის ცემენტის ქარხანაში (ჰაიდელბერგი) გაეცნო საწარმოო პროცესს; დაინტერესდა სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამუშაოებით. პრემიერ-მინისტრი ეწვია აგრეთვე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და დაათვალიერა წვრილსორტული საამქრო.

ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოხატა რეგიონში მიმდინარე სამუშაოებით. მან თქვა, რომ რუსთავის ცემენტის ქარხანა, მარნეულის საკონსერვო ქარხანა და განახლებული მეტალურგიული ქარხანა არის ქვეყნის პრიორიტეტული საწარმოები. სწორედ აქ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩნდება შემოსავლის მიღების და ძველი პრესტიჟის აღდგენის შესაძლებლობები.

- ,,ინვესტორის - ,,ჰაიდელბერგ ცემენტის" მიერ ქარხანაში იქმნება ახალი საამქრო, რომელიც მომავალი წლიდან 2 მლნ. ტონა ცემენტის წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს. აქედან საქართველოში 1,5 მლნ. ტონამდე მოვიხმართ, ხოლო დაახლოებით 500-700 ათასი ტონა საექსპორტოდ არის გამიზნული, რაც ქვეყნისთვის 60-70 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს განაპირობებს", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მომავალი წლისათვის მოგვარდება რუსთაველებისთვის და კასპელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა - ცემენტის ქარხნებში დასრულდება ფილტრების დაყენება, რაც ნულამდე დაიყვანს გამონაბოლქვს.

რაც შეეხება მეტალურგიულ ქარხანას, იქ უკვე 1300 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციების ციკლის დასრულების შემდეგ, რაც ჯამში 250-300 მლნ. დოლარი იქნება, საწარმოში 6-6,5 ათასამდე ადამიანი იმუშავებს. წელს იწყება პირველი ციკლი - არმატურის დამზადება, შედეგად დამატებითი შემოსავლის სახით მობილიზებული იქნება 60-65 მლნ. დოლარი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემდგომი ციკლი, რაც განაპირობებს დასაქმებულთა რაოდენობის 6500 ადამიანამდე ზრდას.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის მთავარი საზრუნავი სერიოზული საწარმოო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებაა დამატებითი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი შემოსავლების მისაღებად.

- ,,ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის სრულყოფისათვის, რეგიონში ყურადღება ძირითადად საავტომობილო, ქალაქის შიგნით არსებულ გზებზე და მაგისტრალებზე კეთდება. ეს მაგისტრალები საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან: სომხეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს. შთამბეჭდავი იყო რუსთავში ჯანდაცვის და განათლების სისტემის ობიექტებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები. რა თქმა უნდა, რეგიონში უფრო მეტი კეთდება და სანახავიც მეტი იყო, მაგრამ ამჯერად ყურადღება სოლიდური შემოსავლების მომტან დარგებზე შევაჩერეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტირების შესაძლებლობას უქმნის ყველას, ეს იქნება გერმანელი, ბრიტანელი, ამერიკელი თუ ქართველი ინვესტორი. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომ წელს საქართველოში შეიქმნება დაახლოებით 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ეს არის ფორმალურად არსებული სამუშაო ადგილების 15%. პირველ კვარტალში ეკონომიკის 11,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მომავალში უფრო ინტენსიური ზრდაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ურთიერთობა საქართველოს მთავრობასა და ქვეყანაში შემოსულ ინვესტორებს შორის საკმაოდ წარმატებულია, რაც ოპტიმიზმის მყარ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი