საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის მხარეში

21 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩავიდა. იგი ადგილზე გაეცნო მცხეთის ცენტრის რეკონსტრუქციის გეგმას, დაათვალიერა მცხეთის წყალსადენზე, მისაქციელისა და დუშეთის გაზსადენებზე, წილკანისა და ბაზალეთისკენ მიმავალ გზებზე მიმდინარე სამუშაოები. ზურაბ ნოღაიდელი ეწვია ბაზალეთში განთავსებულ პატრიოტთა ბანაკს და ბაზალეთის კომპლექსიც დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეში განსახორციელებელი გეგმები ძირითადად ოთხი მიმართულებით არის კონცენტრირებული. ,,პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მცხეთის მუზეუმ-ქალაქის ხელახალი კეთილმოწყობა, ასევე, წყლის, გაზის და გზების მოწესრიგება.

გზების რეკონსტრუქცია უკვე სოფლებში დაიწყება, მომავალ წელს გაზიფიცირებული იქნება მცხეთის რაიონის ყველა სოფელი, ძალიან მალე მოგვარდება წყლის პრობლემაც. რაც შეეხება დუშეთის და ყაზბეგის რაიონებს, ორივე მეტად მიმზიდველია ტურისტებისათვის. ბაზალეთის კომპლექსთან მისასვლელი გზა ორ კვირაში დამთავრდება, დასრულდება სასადილოს და ცალკეული კორპუსების მშენებლობაც. სამწუხაროა, რომ წლეულს ვერ მოესწრება კომპლექსის ჩაბარება 1500 დამსვენებელზე. ამჯერად მოხერხდება მხოლოდ 500 დამსვენებლის მიღება. ჩვენი ინვესტორებთან ურთიერთთანამშრომლობის სტილი ასეთია: ინვესტორი გააკეთებს ობიექტს, ჩვენ მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას," - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა, აგრეთვე, კომენტარი გააკეთა ქალაქ რუსთავის ერთ-ერთი საპრივატიზაციო კვარტლის შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ობიექტი მზადდება საპრივატიზაციოდ და თუ ვინ გახდება მფლობელი, ეს შემოთავაზებულ პაკეტზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი