საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ჯონ დანილოვიჩს შეხვდა

15 ივნისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტო-რი ჯონ დანილოვიჩი. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა კომენტარი გააკეთეს.

ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მინდა მივესალმო საქართველოში MCC პრეზიდენტს. ძალიან სასიმოვნოა, რომ ბატონი დანილოვიჩი დღეს ჩვენთან არის თბილისში. კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ იგი გაეცნო ყველა იმ პროექტებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება საქართველოში, კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს, იყო სამცხე-ჯავახეთში და მოინახულა ის ადგილები, სადაც სულ მალე დაიწყება ჯავახეთ-ქართლის თბილისთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის MCC-ის პროექტები ძალიან აქტუალურია. პროექტების ღირებულება დაახლოებით 400 მლნ. დოლარს შეადგენს და იწვევს იმავე პროექტებში დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიციას. მაგალითად, გაზსადენის რეაბილიტაციაზე MCC-ის თანხები 45 მლნ. დოლარია, ჯამში ინვესტიციები 90 მლნ. დოლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებზე, რომლებიც ძირითადად წყალმომარაგებასა და ირიგაციას მოიცავს, გათვალისწინებულია MCC-ის თანხები 60 მლნ. დოლარის ოდენობით, ჯამური ინვესტიციები კი 300 მლნ. დოლარზე მეტია. ასევე გზების რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებული MCC-ის თანხები დაახლობით 100 მლნ. დოლარია. მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში ჯამური ინვესტიციები 130 მლნ. დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, მთლიანად პროექტებში დაახლოებით მესამედი იქნება საინვესტციო ფონდის თანხები. ეს ჯამში 40 მლნ. დოლარია, ყველა საგრანტო კომპონენტი - 50%, როგორც მოგეხსენებათ, თვითონ გრანტის მიმღებმა უნდა დააფინანსოს. 400 მლნ. დოლარის მოზიდვა და ფაქტობრივად, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შედეგის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობელი ვარ MCC-ის და უშუალოდ ბატონი დანილოვიჩის პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.


ჯონ დანილოვიჩი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. ორი დღის წინ თბილისის ჩრდილოეთით დავათვალიერე გაზის მილსადენზე მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოები, რაც ძალიან დაჩქარებული ტემპით, გეგმის წინსწრებით მიმდინარეობს. გუშინ ვიმყოფებოდი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ახალქალაქში შევხვდი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო ლიდერებს. უშუალო შეხვედრის მეშვეობით გვქონდა შესაძლებლობა გაგვეგო მათი მოსაზრებები, გაგვეზიარებინა ჩვენი შეხედულებები. რაც შეეხება მთლიანად საქართველოში MCC-ის პროექტების განხორციელებას, მე ვამაყობ და მივიჩნევ, რომ საქართველო - ეს არის სამაგალითო ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენი კომპანიის მიერ იყვნენ შერჩეული.


პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე კომენტარი გააკეთა ბირთვული რეაქტორის საქართველოში მშენებლობის ალბათობაზე. მან თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. - ,,ბირთვული რეაქტორის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული. ეს ჩვენზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენადაც სომხეთზე. თქვენ იცით, რომ სომხეთში ბირთვული რეაქტორი დგას და შესაძლოა მოხდეს ძველი რეაქტორის ახლით შეცვლა. ეს იქნება სომხეთში, საქართველოში და საერთოდ შეიცვლება თუ არა ძველი ახლით, პირველ რიგში დამოკიდებულია სომხეთის მხარის გადაწყვეტილებაზე," - თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი