საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მეორე დღე ჩეხეთის რესპუბლიკაში

12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს პრჟემისლ სობოტკას. შეხვედრაზე განიხილეს არაერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოში ჩეხური ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო ურთიერთობები ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შესაძლოა ჩეხეთი უკვე მიმდინარე წელს გახდეს საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და შემდგომ ნაბიჯებს.

- "მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკაში გვიწევენ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, პირადად სენატის თავმჯდომარე. აგრეთვე განვიხილეთ საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხები. ჩვენ ამ მხრივაც გვაქვს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა და მადლობელი ვარ იმ პოზიციისათვის, რომელიც არსებობს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატსა და მთავრობაში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა.

იმავე დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრო ჩეხეთში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ სადილს BBG-ის (Broadcast Board of Governors) წარმომადგენლებთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი