საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახეთის რეგიონს ესტუმრა

9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კახეთის რეგიონში ჩავიდა. იგი გაეცნო რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის (აფრიკული ცხელება, მონტგომერის დაავადება) გავრცელების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ სამუშაოთა მიმდინარეობას. კერძოდ, მან დაათვალიერა ბადიაურისა (საგარეჯოს რაიონი) და ჩალაუბნის (გურჯაანის რაიონი) სპეციალური პოსტები, სადაც საავტომობილო გზაზე მოწყობილია დეზობარიერები. ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში ზურაბ ნოღაიდელმა შეამოწმა დახოცილი ღორების სამარხი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადოების, პირველ რიგში კი გლეხების, სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა ყველა იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც აუცილებელია განხორციელდეს, რათა არ მოხდეს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება. ,,ამჯერად, ამ მხრივ კახეთი პრობლემატური რეგიონია და, შესაბამისად, ყურადღების ცენტრშიც კახეთი, კერძოდ კი ყვარლის რაიონი არის მოქცეული. ყველა სოფელში უნდა მოეწყოს ღორების ერთი ან რამდენიმე სპეციალური სამარხი და ის უნდა იყოს დეზინფექცირებული. უკვე მოწყობილია დეზობარიერები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების სხვა რაიონებში გავრცელება. ისეთ ადგილებში კი, სადაც დაავადების კერები არსებობს (ლაპარაკია კახეთის რეგიონზე, ცაგერისა და თიანეთის რაიონებზე), მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ ღორები იზოლირებული ჰყავდეთ, უმეთვალყურეო ღორები ადგილზე განადგურდებიან", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

დასასრულს, პრემიერ-მინისტრი ყვარლის გამგეობაში შეხვდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი