საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

30 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განმარტება გააკეთა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანებით დაქირავებული (ფიზიკური) პირი არ დაზარალდება, საგადასახადო ტვირთი არ დამძიმდება, ანუ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, დაქირავებულ პირს, როგორც მინიმუმ, ხელფასი (ხელზე ასაღები თანხა) არ შეუმცირდება. ხელფასის შემცირება ან მომატება მთლიანად დამქირავებელზე არის დამოკიდებული.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მარტო 12 პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს იხდიდა, მათთვის სამი წლის განმავლობაში გადასახადი უცვლელი დარჩება, ხოლო 2011 წლიდან მთავრობა ეტაპობრივად იმუშავებს ამ გადასახადის შემცირებაზე. სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანების შედეგად ეკონომიკაში დამატებით 155 მილიონი ლარი დარჩება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი