საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

14 მაისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა განცხადება ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით: ,,პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპის ერთგული. რეგიონის მომავალზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ რეგიონის ყველა მცხოვრებმა და არა მარტო ერთმა ჯგუფმა, რომელსაც წარმოადგენს კოკოითი. ეს არის ის პრინციპები, რომლებიც საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა საქართველოს მთავრობამ და ჩვენ ამ პრინციპების ერთგული ვრჩებით. იმავდროულად, შეიმჩნევა სერიოზული ცვლილებები რეგიონში. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ბევრად უფრო აქტიურ დიალოგს, ვიდრე აქამდე გვქონდა რეგიონის მოსახლეობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ დიმიტრი სანაკოევსა და იმ ხალხს, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისათვის ყველასთან, მაგრამ დიალოგს, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ იმათთან გავმართავთ, ვინც რეალურად მზად არის დიალოგისათვის. ასევე, მინდა აღვნიშნო ის უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ამ პრინციპს აქვს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. ხშირია ხოლმე საქართველოში საკითხები, რომლებზეც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს სხვადასხვა შეხედულებები აქვს, და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი სრულად უჭერს მხარს. ასევე მინდა აღვნიშნო ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები - მას შემდეგ, რაც კოკოითმა დაიწყო ქართული სოფლების ბლოკირება და ჩვენი პოზიციების მიმართულებით განხორციელდა სროლა, მთელი პასუხისმგებლობა ამ დაძაბული ვითარების გამო კოკოითს ეკისრება. ერთხელ უკვე ვნახეთ, რა მოაქვს ძალადობას, ამ გზით ვერ ვივლით. შექმნილ ვითარებაში ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო გაერთიანების პოზიცია, კერძოდ, რუსეთის პოზიციაც, რათა თავიდან ავიცილოთ ახლანდელი მდგომარეობის ესკალაცია".

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი