საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინიტრის ამერიკაში ვიზიტის შესახებ

2007 წლის 10 აპრილს, დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სხდომა აფხაზეთში (საქართველო) შექმნილი ვითარების განხილვას მიეძღვნა.

უშიშროების საბჭოზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს. ზურაბ ნოღაიდელმა განსაკუთრებით აღნიშნა გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. მათ ყოველდღიური შიშისა და უფლებების უხეშად დარღვევის ატმოსფეროში უხდებათ ცხოვრება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აფხაზეთში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების გარეშე რეალურად ძნელია კონფლიქტის მოგვარებაზე ლაპარაკი. ამასთან ერთად, მან დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების გასატარებლად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლების კურსის, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას გულისხმობს, მხარდაჭერა გამოხატა.

საღამოს, გაეროს შტაბბინის ფოიეში აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გამოფენა გაიხსნა, სადაც პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. გამოფენას გაეროში აკრედიტებული დიპლომატები და ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულების ხსოვნას პატივს სათანადოდ მივაგებთ, თუ შევძლებთ კონფლიქტის მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული ურღვეობის საფუძველზე და აფხაზეთის მრავალეთნიკური მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი