საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის პირველ დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა გერმანიის თავდაცვის მინისტრს ფრანც იოზეფ იუნგს (Franz-Josef Jung). ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ავღანეთში გაგზავნოს საქართველოს სამხედრო კონტინგენტი.

- ,,ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქ, სადაც აუცილებელია. ამიტომ ვგზავნით სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში და ახლა გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკება გერმანიასთან ამ კონტინგენტის დისლოკაციის ადგილთან დაკავშირებით," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. წინასწარი ცნობებით, ქართული ასეული შესაძლებელია განლაგდეს ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ამ მიმართულებით გერმანიის მხარდაჭერის, სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხები.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ფრანც იოზეფ იუნგმა გერმანიის მთავრობის სახელით მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში ინტერგაციას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

ზურაბ ნოღაიდელმა გერმანელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბერლინში ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ დისკუსიაში: Ost-Ausschuss der Deutschen Wirtschaft.

დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო ბერლინში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას, გაეცნო ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის ანტიკურ კოლექციაში - ,,ალტეს" მუზეუმში გახსნილ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციას "მედეას ოქრო - საქართველოს ახალი აღმოჩენა".

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი