საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზვიად გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენების სამთავრობო კომისიის სხდომა

5 მარტს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა ზვიად გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენების სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წევრები: ალექსი ალექსიშვილი, გელა ბეჟუაშვილი, ალექსანდრე ლომაია, ივანე მერაბიშვილი, გია ქავთარაძე, ვლადიმერ ჭიპაშვილი, თბილისის მერი გიორგი უგულავა, მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე, ასევე ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები.

ექსპრეზიდენტის ვაჟმა გიორგი გამსახურდიამ კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პირველი პრეზიდენტის ნეშტი ამჯერად როსტოვშია გადასვენებული, სადაც ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა, გაკეთდება დნმ-ის ტესტი. ამ პროცედურას სავარაუდოდ 21 დღე დასჭირდება.

პრემიერ-მინისტრმა ექსპერტიზის მიმდინარეობის მეთვალყურეობა უშუალოდ იუსტიციის მინსტრს გია ქავთარაძეს დაავალა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაკრძალვის ადგილი უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან და მთავრობასთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი