საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა

5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა შემოსავლების სამსახურის უფროსად მინდია გადაევი წარადგინა. რეფორმების შედეგად ფინანსთა სამინისტროს ამ ახალ უწყებაში გაერთიანდება სამი სამსახური: საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები და ფინანსური პოლიცია.

აქამდე მინდია გადაევს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, აგრეთვე ახდენდა ფონდ «Millennium Challenge»-ის რეგიონალური პროექტების განხორციელების კოორდინაციას.

როგორც ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ეს უწყებები თვე-ნახევრის განმავლობაში ძველი პროფილით გააგრძელებენ მუშაობას. ,,დღეიდან გვექნება ერთიანი შემოსავლების სამსახური, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტრუქტურული თვალსაზრისით. ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობს. ჩვენს წინაშე არის არა მხოლოდ ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების, არამედ გადამხდელებისათვის უკეთესი სერვისების უზრუნველყოფის ამოცანა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი