საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა

4 მარტს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე აქტუალურ თემაზე კომენტარი გააკეთა. ზურაბ ნოღაიდელმა აფხაზეთში მიმდინარე არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იქ განხორციელდა ეთნიკური წმენდა და მოსახლეობის 80 პროცენტი, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში დღეს იქ აღარ არიან, მათი მონაწილეობის გარეშე არჩევნების ჩატარება არა მარტო უკანონო, არამედ ამორალურიცაა და მას არ შეიძლება ჰქონდეს კანონიერი შედეგი. როდესაც ვლაპარაკობთ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე, არ იგულისხმება მხოლოდ ქართველები. აფხაზეთიდან აგრეთვე გამოძევებულია მრავალი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობაც. ამის მიუხედავად, ჩვენ ვთავაზობთ აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელობას ყოველგვარი დაგვიანების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას, რაც უნდა გახდეს საბოლოოდ ამ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და მშვიდობიანი მოწესრიგების საფუძველი. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზეთს ფართო ავტონომიას. ეს არის ის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ და რითაც უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის მოგვარება.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ოქტომბრის N643 განკარგულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ზვიად გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენების სამთავრობო კომისიას. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო მისი კომენტარი პირველი პრეზიდენტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების შესახებ. მან თქვა, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს ყველა დეტალი. მხოლოდ ამის შემდეგ, მიიღებს სახელმწიფო კომისია გადაწყვეტილებას ყველა ორგანიზაციულ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი