საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დიდი ლიახვის ხეობას ეწვია

27 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დიდი ლიახვის ხეობაში იმყოფებოდა. იგი ადგილზე გაეცნო თამარაშენსა და კეხვში მიმდინარე სამუშაოებს, კერძოდ: თამარაშენი-კეხვის ცენტრალური გზის გარე განათების, კეხვში გაზიფიცირების და სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, ასევე ზურაბ ნოღაიდელმა დაათვალიერა თამარაშენში კულტურის სახლის და კეხვში საბავშვო ბაღის მშენებლობა. ითქვა, რომ კონფლიქტის ზონაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი. აღსანიშნავია, რომ ოსურმა მხარემ გაზიფიცირებაზე უარი განაცხადა.

- ,,დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებულია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. 3 მილიონი ლარი მოხმარდება გზების რეაბილიტაციას, ხოლო 4 მილიონი ლარი - საირიგაციო სამუშაოებს. პრიორიტეტულად აგრეთვე განათლების ობიექტების რეკონსტრუქცია განისაზღვრა - მიმდინარეობს საბავშო ბაღის და სპორტული დარბაზის აღდგენა. დაიწყება და წელსვე დასრულდება ხეობის ყველა სკოლის რემონტი." - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი