საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოაღაიდელმა ,,კანარგოს” ჭაბურღილი დაათვალიერა

22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოაღაიდელმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ნიკა გილაურთან ერთად კუმისში ,,კანარგოს" ჭაბურღილი დაათვალიერა. იგი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. ამ დროისთვის ჭაბურღილი 500 მეტრზეა გათხრილი. მთლიანობაში მისმა სიღრმემ 3700 მეტრი უნდა შეადგინოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ,,კანარგო-სთან" თანამშრომლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გაფორმდა გაზის შესყიდვის წინასწარი კონტრაქტი და გაიცა ყველა ლიცენზია. ,,კანარგომ" დაიწყო მოძიების სამუშაოები. ამჟამად ჭაბურღილი დაახლოებით 500 მეტრ სიღრმეზეა გათხრილი. მისი სიღრმე 3700 მეტრი იქნება. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ზრუნვა იმისათვის, რომ საქართველო ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთი წყაროდან გაზის მოწოდებაზე. წელს მივაღწიეთ იმას, რომ ბუნებრივ აირს ვიღებთ როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან ამჯერად ბევრად უკეთესი პირობებით. ასევე ვზრუნავთ, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი საკუთარი ბუნებრივი აირი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე. სწორედ ამას ემსახურება ამ პროექტის განხორციელება. გვაქვს წინასწარი პროგნოზები იმის შესახებ, თუ რა მოცულობის აირი შეიძლება იყოს აქ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ივნისში ჭაბურღილზე დამთავრდება გათხრითი სამუშაოები და გვექნება კონკრეტული მონაცემები, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი