საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია ბიზნესსექტორის წინაშე

9 თებერვალს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ესწრებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა პროექტი: ,,100 ახალი საავადმყოფო საქართველოში". პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორის რეფორმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებისაგან შედგება. ამ ეტაპზე მოხდება ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და საინვესტიციო ნაწილის გაცნობა ბიზნესწრეებისათვის. უახლოეს მომავალში კი განიხილება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კომპონენტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა: „ჩვენ დღეს გვქონდა პროექტის საინვესტიციო ნაწილის პრეზენტაცია. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ნაკადი. შესაბამისად, დაიწყება პროცესი - პოტენციური ინვესტორებიდან შეირჩევა კონკრეტული ინვესტორები და დაიწყება პროექტის განხორციელება. ჰოსპიტალურ სექტორში დაახლოებით ჩაიდება 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველადი ჯანდაცვის სექტორში - 100 მილიონის, უძრავ ქონებაში კი - 500 მილიონი დოლარის. რაც შეეხება კონკრეტულ ობიექტებს, როცა მათი პრივატიზაცია გამოცხადდება, ამას დეტალურად წარმოგიდგენთ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი