საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ენერგოობიექტები მოინახულა

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ენერგოსექტორის ზამთრისთვის მზადყოფნის შესაფასებლად ენერგოობიექტები მოინახულეს.
პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში დაათვალიერა მე-9, მე-3, მე-4 ენერგობლოკები და აირტურბინული ელექტროსადგური. მისი შეფასებით, საქართველოს ენერგოსექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება. მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესზე დასრულდა სარემონტო სამუშაოები და შედეგად ქვეყანა დამატებით 260 მეგავატ ელექტროენერგიას მიიღებს. - „მინდოდა ადგილზე გავცნობოდი ელექტროსადგურებზე არსებულ ვითარებას. მე-9 ენერგობლოკი მაქსიმალურ სიმძლავრეს - 270 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, გამართულად მუშაობს მე-3 ენერგობლოკი, 25 ნოემბრიდან კი მწყობრში ჩადგება მე-4 ენერგობლოკი და ის სარეზერვოდ იქნება გამოყენებული. კარგად მუშაობს აირტურბინული ელექტროსადგურიც. იგი 100 მეგავატ სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს."

ენერგოობიექტების დათვალიერებისას ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის გაზის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ ეს ფასი ერთნაირი, კომერციული იქნება მთელი რეგიონისთვის, მაშინ ამას საქართველო გადაიხდის, მაგრამ თუ ეს სადამსჯელო ღონისძიებაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მოხდება ალტერნატიული წყაროების გამოყენება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ზამთრის პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ დარჩება გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეირჩევა ქვეყნის და მომხმარებლისთვის საუკეთესო წინადადებები.

გარდაბნის შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელი ჟინვალჰესის ახლადრეაბილიტირებულ სადგურს ეწვია, დაათვალიერა ჩატარებული სამუშაოები და ჰესის თანამშრომლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დარჩა ენერგოსექტორის მდგომარეობით. მან განაცხადა, რომ ზამთარში ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის მიღება საკუთარი რესურსებიდან შეგვეძლება: „ჰიდროელექტროსადგურების უმეტესი ნაწილი გარემონტდა, გაიზარდა სიმძლავრეების გამომუშავება ენგურჰესზე, ჟინვალჰესზე, 15 ნოემბრიდან ამუშავდება შაორის და ძერულას ჰიდროელექროსადგურები, 5 დეკემბრიდან ექსპლუატაციაში შევა ხრამჰესის მე-2 აგრეგატი. წელს მაქსიმუმ 70-100 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი გვექნება, დანარჩენს საკუთარი წარმოებით მივიღებთ და რეზერვებსაც შევქმნით. შესაძლებელია იმპორტი საერთოდ არ დაგვჭირდეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში ყოფნისას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი