საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ენერგოსექტორის ზამთრისთვის მზადყოფნის შესაფასებლად ენერგოობიექტები მოინახულეს.

2006 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა ენერგეტიკის კომისიის სხდომა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა ,,გაზპრომის" შემოთავაზებაზე გაზის მომხმარებელი კომპანიების მიმართ 1 მ3 გაზის ტარიფის 230 დოლარამდე გაზრდის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ტარიფი საბოლოოდ დადგენილი არ არის - ,,მე მივეცი ინსტრუქცია გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელს, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჩვენს კომპანიებს გაზპრომთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა შეთანხმებული ფასი მისაღები იყოს, როგორც ამ კომპანიებისათვის, ისე მომხმარებლისათვის. ამავდროულად, ნათელია, რომ საქმე პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან უფრო გვაქვს, ვიდრე ეკონომიკურ მოლაპარაკებებთან." - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე ილაპარაკა გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდების ალტერნატიულ გზებზე - ,,ჩვენ უნდა შევქმნათ გაზისა და ენერგეტიკის მოწოდების ალტერნატიული გზები. იმისათვის, რომ ამ გარემოში ჩვენი მომხმარებლისათვის მივიღოთ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, უნდა დავასრულოთ დაწყებული მოლაპარაკებები თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან.

კომისიაზე განვიხილავთ დავალებას, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტისგან მივიღეთ. ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა აშენდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც საშუალებას მოგვცემს სულ უფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული როგორც იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოში ორი: ფარავნისა და გუდაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების თაობაზე. რაც იქნება ერთ-ერთი ალტერნატიული გზა საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი