საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

12 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველო-გერმანიის მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათ მიერ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალი წლიდან გერმანია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

„შეხვედრაზე აგრეთვე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობებზე, ამჟამად პრეზიდენტი პუტინი გერმანიაში იმყოფება და შეხვედრას მართავს გერმანიის კანცლერთან. მთელი მსოფლიო შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოზე დაწესებული სანქციებით, ამ საკითხში ჩვენ გერმანიის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი