საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ქართული ღვინის ფორუმი

5 ოქტომბერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიმართა ,,ქართული ღვინის ფორუმი". ფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის" ორგანიზებით მოეწყო. ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი, ,,სამტრესტის" გენერალური დირექტორი ვასილ მანაგაძე, ასევე მეღვინეობის დარგის უცხოელი და ქართველი წარმომადგენები: ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ფედერიკო კასტელუჩი (Federico Castellucci), ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ლევან კობერიძე, ქართული ღვინის ოჯახის წარმომადგენელი ლევან მჭედლიშვილი.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთათვის დარგში არსებული ვითარების გაცნობა და ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრების პერსპექტივების განხილვა. აგრეთვე იმსჯელეს მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე - არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ.

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. მან დადებითად შეაფასა საქართველოში რთველის პერიოდში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სტუმრობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: ,,ეს არის საქართველოსათვის და განსაკუთრებით ღვინის სექტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. საქართველოს ღვინის სექტორი განვითარდება და აუცილებლად იპოვის თავის ადგილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე".

პრემიერ-მინისტრმა დიდი ყურადრება დაუთმო ქართული ღვინის ფალსიფიცირების პრობლემას. მან აღნიშნა, რომ ,,საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი რუსეთის ტერიტორიაზე, ხშირია ქართული ღვინოების ფალსიფიცირება. როდესაც რუსეთმა აკრძალა ქართული ღვინის ექსპორტი, მათ იხელმძღვანელეს ღვინის გაყიდვების სულ სხვა მაჩვენებლით - არა იმ რაოდენობით, რაც საქართველოდან იგზავნებოდა, არამედ იმით, რაც ქართული ღვინის სახელით რუსეთში იყიდებოდა. მათი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკას ამ აკრძალვით 300-500 - მილიონიანი ზარალი მიადგებოდა. სინამდვილეში ჩვენ ბევრად ნაკლები ღვინო გაგვქონდა საქართველოდან. ქართული ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება საქართველოს მთავრობისა და ქართული კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით".

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი