საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ტყიბულს ეწვია

24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორთან ირაკლი ეზუგბაიასთან ერთად ტყიბულში ჩავიდა და ტყიბულის რკინიგზის სადგური მოინახულა. მთავრობის ხელმძღვანელს რკინიგზელებმა დეტალურად გააცნეს ქუთაისი I - ტყიბულის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაციის გეგმა. რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ტვირთბრუნვის გაზრდას.

ტყიბულში ზურაბ ნოღაიდელი მაღაროელებსაც შეხვდა და მათ უკეთეს სამუშაო პირობებს დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღაროებში გაიზრდება საწარმოო სიმძლავრეები, რაც იქ მომუშავეებს მეტ შემოსავალს მოუტანს. „250 ადამიანი იქნება დასაქმებული რკინიგზის აღდგენით სამუშაოებზე, 800 ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება უშუალოდ მაღაროში. ტყიბული კვლავ გამოცოცხლდება" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

პრემიერ-მინისტრი თბილისში დღის ბოლოს დაბრუნდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი