საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის სტუმრობა ბათუმში

23 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბათუმში იმყოფებოდა.

ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ქალაქის ხუთივე ადმინისტრაციულ რაიონში დილიდან დაიწყეს. ზურაბ ნოღაიდელი მოსახლეობას მათი პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა. მისი თქმით, ბათუმის მთავარ პრობლემად წყლის და გაზიფიცირების საკითხი რჩება:

,,წყლის პრობლება მოგვარდება მაშინ, როცა აშენდება წყალმომარაგების ახალი ჩაქვი-ბათუმის მაგისტრალი. დაფინანსების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, სამუშაოები 2007 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება. მეორე პრობლემა ბათუმისთვის გაზმომარაგებაა. სწორედ ამ ორ უმთავრეს საკითხზე იქნება მეტწილად კონცენტრირებული ინვესტიციები" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა ბათუმში დაათვალიერა: მშენებარე სპორტული მოედნები, ახლადდამონტაჟებული გარე განათების სისტემა; კეთილმოწყობილი ეზოები და ქუჩები; წყალგაყვანილობის სისტემა, რომლის ამოქმედებით ათ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნა; მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მიმდინარე რეკონსტრუქციის, ზოოკუთხისა და აკვარიუმის სამშენებლო სამუშაოები; მშენებარე საბავშვო ატრაქციონი. პრემიერ-მინისტრი ქიმიურ-ფარმაცევტულ საამქროშიც იმყოფებოდა, რომელიც 26 სხვადასხვა სახეობის პრეპარატს ამზადებს. საამქროში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სრული დატვირთვით დეკემბრიდან ამუშავდება და იქ, სავარაუდოდ, ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
ზურაბ ნოღაიდელმა ბათუმის მოსახლეობას ხუთივე ადმინისტრაციულ რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა:

1. ბადრი ქაჯაია - თამარის დასახლების ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში;

2. ქართლოს მახარაძე - აღმაშენებლის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში;

3. ჯუმბერ კახიძე - რუსთაველის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში;

4. გიორგი კირთაძე - ბაგრატიონის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში;

5. დავით ჩხარტიშვილი - სანაპიროს ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში;

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი